სიახლეები

2 დღე უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალამდე

ფუტსალი
გაუზიარე

სპორტის სასახლეში მიმდინარე უეფას ფუტსალის ოთხთა ფინალისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. სამუშოების მიმდინარეობას ინტენსიურად აკვირდება ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი და უეფა.

თითქმის დასრულებულია დარბაზის გაფორმება და მიმდინარეობს ახალი პარკეტის დაგება, რომელიც უეფამ სფფ-ს გამოუგზავნა. პარალელურად, აპარატურას ამონტაჟებს „ევროსპორტი“, რომელსაც ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის ჩვენების ექსკლუზივი აქვს. რეპორტაჟები უკვე იყიდეს და პარალალურად აჩვენებენ რუსული და ესპანური ტელევიზიები. საქართველოდან კი, ეს უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში იყიდება და დღიური ბილეთი 5 და 10 ლარი ღირს. სალაროები ღიაა დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე.

ამ ღონისძიებაზე, სფფ-ს და ჩვენს დედაქალაქს 20-ზე მეტი უმაღლესი რანგის სტუმარი ეწვევა. 26 აპრილს ჩამოვა და ტურნირის გახსნას დაესწრება უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. თბილისში იქნებიან უეფას ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, კლუბების პრეზიდენტები და ა.შ.

ტურნირის პარალელურად, ჩვენს დედაქალაქში სპორტული ზეიმი კვლავ გაგრძელდება. 26 აპრილს, ტურნირის დაწყებამდე, დღის 3 საათიდან, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ გაიმართება გასართობი თამაშები - გრეხეტბოლი, მინი-ფეხბურთი... სფფ კვლავ სიამოვნებით ეპატიჟება ფეხბურთის ყველა მოყვარულს. ამასთან, ტურნირის სპონსორი - კომპანია „ადიდასი“ გამარჯვებულებს პრიზებსაც გადასცემს.

ტურნირზე აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს კი, ვაცნობებთ, რომ აკრედიტაციების გაცემა დაიწყება ხვალ, 25 აპრილს, დღის 12:00 საათიდან, სპორტის სასახლის მედია-ოთახში.

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ აკრედიტირების პროცესი უკვე შეჩერებულია და ამ დროისთვის ბაზაში დარეგისტრირებულია ასზე მეტი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი. მათ შორის, მრავლად არიან ჩვენი უცხოელი კოლეგებიც.

დღის 14:00 საათიდან დაიწყება ტურნირის მონაწილე გუნდების წარმომადგენელთა პრესკონფერენციები.

25 აპრილი

14:00 – „ბარსელონას“ და „ქაირათის“ პრესკონფერენცია სპორტის სასახლეში

14:30 – „იბერია სტარისა“ და „დინამო“ მოსკოვის პრესკონფერენცია სპორტის სასახლეში

18:00 – „იბერია სტარის“ ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში (მედიისთვის 15 წუთი)

19:00 – „დინამო“ მოსკოვის ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში (მედიისთვის 15 წუთი)

20:00 – „ბარსელონას“ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში (მედიისთვის 15 წუთი)

სფფ-ის პრესსამსახური