სიახლეები

ბავშვთა ფეხბურთის განყოფილების პრესკონფერენცია

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ბავშვთა ფეხბურთის განყოფილების პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ოყროშიძე, სფფ-ის გენერალური მდივანი უჩა უგულავა და ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე ესწრებოდნენ.

 

საუბარი შეეხო ორიოდ დღის წინ დასრულებულ სეზონს. შეგახსენებთ, რომ ჭაბუკთა შორის წლეულს პირველად გათამაშდა გივი ჩოხელის, სლავა მეტრეველის, მიხეილ მესხის და ვიტალი დარასელიას სახელობის სუპერთასები.

 

ირაკლი ოყროშიძე, ბავშვთა ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი:

 

… გივი ჩოხელის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის და ვიტალი დარასელიას სახელობის სუპერთასების გათამაშება წლეულს პირველად ჩატარდა ახალი სისტემით: შესაბამის ასაკში საქართველოს ჩემპიონი შეხვდა ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს.

 

მატჩები ჩატარდა უმაღლეს დონეზე და მათი მსვლელობისას დაცული იყო უსაფრთხოების ზომები - მობილიზებული გახლდათ პოლიცია და სამედიცინო პერსონალი. თითოეული თამაშის წინ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ამას გარდა, ცხადდებოდა თითოეული მოთამაშის გვარი და გოლის ავტორის ვინაობა.

 

14 ივნისს შედგა მატჩი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასზე 1990 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონმა თბილისის ”დინამომ” დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონი თბილისის ”ოლიმპიკი”.

 

15 ივნისს გათამაშდა გივი ჩოხელის სახელობის სუპერთასი 1988 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის. საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ”ოლიმპიკმა” ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს” 4:2 სძლია.

 

16 ივნისს ვიტალი დარასელიას სახელობის სუპერთასი 1991 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის გათამაშდა. საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ”ნორჩი დინამოელის” გუნდმა ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონ თბილისის ”თბილისს” 3:1 სძლია.

 

18 ივნისს გათამაშდა მიხეილ მესხის სახელობის სუპერთასი 1989 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის - საქართველოს ჩემპიონმა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონ თბილისის ”დინამოსთან” დიდი ანგარიშით 0:5 წააგო.

 

როგორც ხედავთ, ოთხი სუპერთასიდან ორი ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონმა მოიპოვა, ორიც - ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონმა.

 

... წლეულს ჩატარდა ფეხბურთელთა სრული პასპორტიზაცია. დავიწყეთ ბათუმიდან და დავასრულეთ ბოლნისით. დღეიდან ჩვენ ყველა იმ ბავშვზე გვაქვს მონაცემი, რომლებიც სპორტსკოლებში ვარჯიშობენ. ამით თავიდან ავიცილებთ არაერთ პრობლემას, მათ შორის ასაკის ხელოვნურად მომატებას, რაც ჩვენი ბავშვთა ფეხბურთის ერთგვარი სენი იყო.

 

… იანვარში საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ინსპექტირება - თითოეული სპორტსკოლა შევამოწმეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, გადაწყდა, რომ თითოეული სკოლის მდგომარეობა შეფასდეს პირობითად ვარსკვლავებით. მაქსიმალური შეფასება სამი ვარსკვლავია. ის სპორტსკოლა, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, საქართველოს და რეგიონულ შეჯიბრებეში გუნდს ვეღარ წარადგენს.

 

… წლის დასაწყისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებსა და ქალაქებში, საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისთვის კანდიდატების შესარჩევი თამაშები ჩატარდა 1990 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. საუკეთესო მოთამაშეებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრებების ტექნიკურ ცენტრ ”ბასაში” მოეწყო საწვრთნელი შეკრებები. დღესდღეობით მიმდინარეობს საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრთა შესარჩევი ეტაპი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნაკრების თავკაცი, გერმანელი სპეციალისტი ჰერბერტ ცანკერი. ამის შემდეგ დადგინდება იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელიც ოქტომბერში თბილისში გაიმართება.

 

… საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ბავშვთა საფეხბურთო კლუბებზე გადანაწილდა 3.000 ბურთი, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ბავშვთა ფეხბურთის განყოფილება უშუალოდ კურირებდა ბურთების გადანაწილების პროცესს და მინდა გითხრათ, რომ სპორტსკოლებმა ბურთები დროულად მიიღეს.

 

… 2005-06 წლების ჭაბუკთა ჩემპიონატის მსვლელობისას აიკრძალა მსაჯებისთვის ანაზღაურების ხელზე გაცემა და ასეც გაგრძელდება მომავალში.

 

უჩა უგულავა, სფფ-ის გენერალური მდივანი:

 

… საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯეროვან ყურადღებას რომ აქცევს ბავშვთა ფეხბურთს, ვფიქრობ, ზემოთქმულიდანაც ნათლად ჩანს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უახლოეს მომავალში არ გვექნება ძლიერი ფეხბურთი, თუ მას დღეს არ ჩავუყარეთ საფუძველი.

 

… იცით, რომ ბავშვთა სპორტსკოლების ლიცენზირებას ვიწყებთ. ეს პროგრამა სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება და საქართველოს თითოეულ სპორტსკოლას მოიცავს. ამის შემდეგ დადგინდება, თუ რომელი აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. უმაღლესი შეფასება სამი ვარსკვლავია. ის სკოლა, რომელიც სფფ-ის მინიმალურ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ვერ წარადგენს გუნდს ჩვენი ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაში.

 

… საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასევე სურს შექმნას ბავშვთა ფეხბურთის კომიტეტი. იცით, რომ ჩვენთან არსებობს ბავშვთა ფეხბურთის განყოფილება. ვფიქრობ, კომიტეტი დაგვეხმარება მუშაობის გაუმჯობესებაში. უახლოეს ხანებში ჩვენ კითხვარს გავუგზავნით სპორტსკოლებს და ამის შემდეგ დავადგენთ, თუ ვინ უნდა იმუშაოს ბავშვთა ფეხბურთის კომიტეტში.