სიახლეები

ნოდარ ახალკაცის, უჩა უგულავას და გრიგოლ ცაავას პრე

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სფფ-ის პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის, ვიცე-პრეზიდენტის გრიგოლ ცაავას და გენერალური მდივნის უჩა უგულავას პრესკონფერენცია გაიმართა. სფფ-ის მესვეურები ჟურნალისტებს ბავშვთა ფეხბურთის გარშემო დაგროვილ კითხვებზე გაესაუბრნენ.

 

ნოდარ ახალკაცი, სფფ-ის პრეზიდენტი:

 

… ჩვენი დღევანდელი თავშეყრის მიზეზი 18 სექტემბერს დაგეგმილი კონფერენციაა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს ბავშვთა სკოლების წარმომადგენლები. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ხანია დავიწყეთ. აგვისტოს ბოლოს ჩვენ ბავშვთა სკოლებს გავუგზავნეთ კითხვარები, რომლითაც, სიმართლე გითხრათ, უკმაყოფილონი დავრჩით. სწორედ ამიტომ ვხვდებით მათ წარმომადგენლებს - გვსურს გავაცნოთ დაგეგმილი რეფორმები, ის ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ამ სფეროში ვაპირებთ.

 

… დაგეგმილი რეფორმის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ უკვე დადგა ცვლილებების დრო - სიტუაცია მექანიზმის დასახვეწად აშკარად მომწიფდა. უეფა უკვე დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა ფეხბურთს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ცდილობს მაქსიმალურად მეტად მიაქციოს ყურადღება ბავშვთა ფეხბურთს.

 

… კითხვარები ერთი მიზეზის გამო დავარიგეთ - გსურდა წარმოდგენა შეგვქმნოდა, თუ რას ფიქრობენ ბავშვთა სკოლების წარმომადგენლები, მათი ხედვა დაგვენახა, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უკმაყოფილონი დავრჩით.

 

… ჩვენ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ. ფეხბურთი აღარაა მხოლოდ სპორტის სახეობა - ფეხბურთი ბიზნესია და ჩვენ თანამედროვე საფეხბურთო მოთხოვნილებები უნდა დანერგოთ. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც აპრობირებულია ევროპაში და რომელსაც ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება ეწოდება. მხოლოდ ამ ნაბიჯის გადადგმით შევძლებთ ბავშვთა ფეხბურთში შექმნილი ქაოსის გამოსწორებას.

 

... გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვთა ფეხბურთში ლიცენზირებული მწვრთნელების ნაკლებობაა. 2007 წლის 1 იანვრიდან განზრახული გვაქვს ც ლიცენზიის შემოღება - იმ ადამიანმა, რომელსაც ბავშვთა ფეხბურთში დასაქმების სურვილი ექნება, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ც კატეგორიის ლიცენზიით გათვალისწინებული მოთხოვნები. აქვე: ის სკოლა, რომლის მწვრთნელებიც არ იქნებიან მინიმუმ ც ლიცენზიის მქონენი, მონაწილეობას ვერ მიიღებს სფფ-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში.

 

… 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი შეისწავლის ბავშვთა საფეხბურთო სკოლების წარმოდგენილ ინფორმაციას, 2007 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით მოხდება სკოლების ინსპექტირება, 1 ივლისიდან კი დაიწყება სკოლებისთვის ვარსკვლავების მინიჭების პროცესი.

 

… სასკოლო ლიცენზირების სისტემა ითვალისწინებს სკოლებისთვის ერთიდან სამამდე ვარსკვლავის მინიჭებას. თუ სკოლა ერთ ვარსკვლავსაც ვერ მიიღებს, ის დაშვებული არ იქნება სხვადასხვა ტურნირებში.

 

უჩა უგულავა, სფფ-ის გენერალური მდივანი:

 

… დღესდღეობით საქართველოში რეგისტრირებულია 157 ბავშვთა საფეხბურთო სკოლა. ხსენებულ ყრილობაზე, რომელიც 18 სექტემბერს ”ქორთიარდ მერიოტში” შედგება, ამ სკოლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და მათ გავაცნობთ იმ პროექტს, რომელიც ბატონ ნიკოლოზ დოლიძესთან ერთად შევიმუშავეთ. აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ დოლიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მრჩეველია ბავშვთა ფეხბურთის საკითხებში.

 

… ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავეხმაროთ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს. მინდა გითხრათ, რომ სპეციალურ ფონდში თანხები უკვე შეიტანეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ლევან კობიაშვილმა და ზურაბ ხიზანიშვილმა. თუ რომელიმე სკოლე წარმოგვიდგენს განვითარების პროგრამას ან დაგვარწმუნებს, რომ ფინანსურ დახმარებას საჭიროებს, სწორედ ამ ფონდიდან დავეხმარებით.

 

… სავარაუდოდ, 157 სკოლიდან ბევრი ვერ გაივლის ლიცენზირებას, რადგან არსებული სკოლებიდან უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს თუნდაც ერთი ვარსკვლავის მოთხოვნებს. ამ ლიცენზირების წყალობით, ერთმნიშვნელოვნად გაირკვევა, თუ რომელი სკოლა შეინარჩუნებს საფეხბურთოს სახელს და რომელი - ვერა.

 

… მთავარი ერთია - საფეხბურთო სკოლების მესვეურებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მასობრივი ფეხბურთისგან გამიჯვნის დროა. ერთია საფეხბურთო სკოლა და მეორე, სკოლა, რომელშიც ბავშვები ფეხბურთის თამაშს კი არ სწავლობენ, უბრალოდ, ფეხბურთით ერთობიან.