დღეს, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს 2014/15 წწ ეროვნული ჩემპიონატი 16-გუნდიანი გახდა. შესაბამისად, ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ ქობულეთის „შუქურა“, ფოთის „კოლხეთი“, ბათუმის „დინამო“ და „სამტრედია“.
აღმასკომის დავალებით, სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ და გენერალურმა სამდივნომ სხდომაზე 12, 14 და 16-გუნდიანი ჩემპიონატების დებულებები წარადგინეს. საკმაოდ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, 16-გუნდიანი ჩემპიონატის ფორმატი დამტკიცდა. დებულების თანახმად, ახალი სეზონიდან პირველ ლიგაში 20 გუნდი ითამაშებს. ჩემპიონატის დებულების სრული ვერსია გამოქვეყნდება სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სხდომაზე განიხილეს სკ „ზესტაფონის“ საკითხიც - კლუბის დავალიანებები ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მიმართ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ფეხბურთელთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
სკ „ზესტაფონს“ მიეცა ვადა, 26 ივლისამდე დაფაროს არსებული დავალიანებები. წინააღდეგ შემთხვევაში, მას შეუწყდება სფფ-ის წევრობა და ამოქმედდება წესდებით გათვალისწინებული სანქციები.
სფფ-ის პრესსამსახური