სიახლეები

სფფ-ის აღმასკომი - დამტკიცებული ჩემპიონატი და ახალ

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

2 ივლისს, სფფ-ის აღმასკომის დაგეგმილი სხდომა გაიმართა, სადაც განსახილველად შემდეგი საკითხები იყო წარმოდგენილი:

1 საქართველოს 2013/14 წწ XXV ეროვნული ჩემპიონატის შესახებ

 

 

2. სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის უფლებამოსილების შესახებ

 

 

3. სხვადასხვა

 

 

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას, წევრების სტატუსით პირველად ესწრებოდნენ ახლადარჩეული წევრები - რომან ფიფია და სერგო კუტივაძე.

 

 

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობა თორმეტივე გუნდმა დაადასტურა და დღის წესრიგის შესაბამისად, აღმასკომმა მსჯელობა ამ საკითხით დაიწყო. 2013/14 წწ XXV ეროვნული ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება და აბსოლუტურად იგივე სისტემით ჩატარდება, როგორც განვლილ სეზონში - 12 გუნდი 2 ეტაპად ითამაშებს. პირველი ეტაპი 18 დეკემბერს დასრულდება, ხოლო 22 დეკემბერს საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართება. ჩემპიონატი 2014 წლის 22 მარტს განახლდება. კალენდრის საბოლოო ვარიანტს სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

 

 

აღმასკომმა მკაცრად განსაზღვრა, რომ ის გუნდები, რომელთა სტადიონები ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, საკუთარ მოედნებზე ვერ ითამაშებენ და მატჩებს იმ სტადიონზე გამართავენ, სადაც ფეხბურთის ფედერაცია მიუთითებს.

 

 

პირველი ლიგის საკითხი მომავალი აღმასკომისთვის გადაიდო, ვინაიდან გათამაშებასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე იგეგმება და თან, მონაწილე გუნდების ლიცენზირებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებიც ძალზე მკაცრად იქნება გაკონტროლებული.

 

 

ამის შემდეგ, აღმასკომმა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის უფლებამოსილება დაამტკიცა. ეს ჯგუფი სფფ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ქართულ ფეხბურთში სპორტული სამართლიანობის უზრუნველყოფისა და გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების განხორციელების მიზნით შეიქმნა. ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება - ზვიად სიჭინავა, ბაქარ ჟორდანია, ლევან თოფურია, რევაზ შენგელია და კესო ჩხიკვაძე. ჯგუფის წევრები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა საქმიანობაში, კონკრეტული დავალებების შესაბამისად. აღმასკომის გადაწყვეტილებით, სფფ-ის იურისდიქციისა და მოქმედი რეგულაციის ფარგლებში ჯგუფს მიენიჭა სრული უფლებამოსილება სპორტულ სამართლიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას. ამასთან, ჯგუფი აქტიურად ითანამშრომლებს სამართალდამცავ სტრუქტურებთან.

 

 

დასასრულს, სფფ-ის პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება და აღმასკომს შესთავაზა ე.წ „ასოცირებული წევრების“ დამატებით გაეზარდათ კომიტეტის წევრების რაოდენობა. მსგავსი პრაქტიკა უეფამ უკვე დანერგა და საკმაოდ შედეგიანადაც მუშაობს. ასოცირებული წევრები ხმის უფლებით ვერ ისარგებლებენ, თუმცა, სხდომებსა და დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. ზვიად სიჭინავამ კოლეგებს გურამ რუხაძის („ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი), ილია კოკაიას („ზესტაფონის“ პრეზიდენტი) და ლევან ფხაკაძის („ტორპედოს“ პრეზიდენტი) კანდიდატურები შესთავაზა, რაზეც აღმასკომის წევრებმა ერთსულოვანი თანხმობა განაცხადეს. ასე რომ, აღმასკომის მომდევნო სხდომიდან ეს ადამიანები უკვე უშუალოდ სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი ლიგის საკითხი აღმასკომის შემდეგ სხდომაზე განიხილება და ამასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის დებულებაში ცვლილებებიც შევა.

 

 

სფფ-ის პრესსამსახური