სიახლეები

აღმასკომმა ინფრასტრუქტურასა და საჩივრებზე იმსჯელა

სფფ
გაუზიარე

26 აპრილს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის მედიაცენტრის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები შედიოდა:

1. სფფ-ის მორიგი XXI ყრილობის მოწვევის შესახებ

2. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობის შესახებ

3. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ინსპექტირების შესახებ

4. სხვადასხვა

მორიგი ყრილობის თარიღად 5 ივნისი განისაზღვრა, დილის 11:00 საათი. აღმასკომის წევრებს, ყრილობის დელეგატებს, მოწვეულ სტუმრებსა და მედიას ყრილობის ჩატარების ზუსტი ადგილის შესახებ ყრილობამდე 20 დღით ადრე ეცნობება.

ამის შემდეგ, სფფ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა საჩივრის იმ წერილებზე, რომლებიც ფედერაციაში ბოლო კვირების განმავლობაში შემოვიდა და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში მათ პრეტენზიებს ეხება მსაჯებთან მიმართებაში.

პრეზიდენტის ინიციატივით, შეიქმნება საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალება შეისწავლოს ყველა ეს წერილი, გააანალიზოს ვიდეომასალები. კომისია 5-კაციანი იქნება და აღმასკომის წევრებიდან ამ საკითხის მომზადება და კომისიის წევრების შერჩევა სამეგრელოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს - სერგო კვარაცხელიას დაევალა, რომელმაც მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს კომისიის წევრობის კანდიდატები. მათი დამტკიცების შემდეგ კი, განისაზღვრება თითოეული მათგანის მოვალეობა. ამ საკითხის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციასა და კომისიის წევრების ვინაობას სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეიტყობთ.  

ინფრასტრუქტურული საკითხების შესახებ ინფორმაცია და სიახლეების გაჟღერება არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი იყო დღევანდელ აღმასკომზე. წელს, ქართული ფეხბურთი მორიგ საჩუქარს მიიღებს სახელმწიფოსგან: მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ქართულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას უახლოეს მომავალში ოთხი ახალი სტადიონი შეემატება - ლანჩხუთში, თელავში, ზუგდიდსა და ხაშურში. მშენებლობის პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მხარის გუბერნიები, რომლებიც უშუალოდ უხელმძღვანელებენ პროცესებს. მთავრობის დავალებით, სტადიონები სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელი პროცესი იქნება სტადიონების ექსპერტიზაც.

ზვიად სიჭინავას უშუალო ინიციატივით, კახეთის რეგიონულ ფედერაციას დაევალა, მომავალი საფეხბურთო სეზონისთვის იზრუნოს გუნდის შექმნაზე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, კახეთს არც ერთ ლიგაში გუნდი არ ჰყავს. ხაშურის რეაბილიტირებულ სტადიონზე კი, სავარაუდოდ, ცხინვალის „სპარტაკი“ დაიდებს ბინას.

წელსვე ჩაბარდება ლაგოდეხის ბაზა, სადაც მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ბაზა უმაღლესი დონისაა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ნაკრებებსა და ყველა რეგიონის კლუბებს შეეძლებათ იქ საწვრთნელი შეკრებების გავლა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც აღმასკომზე გაჟღერდა, იყო ის, რომ მომავალ სეზონში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების რაოდენობა არ გაიზრდება.

კიდევ ერთ საკითხად იქნა განხილული ლიცენზირების თემა, რომელიც საფეხბურთო სკოლებსა და კლუბებს ეხებათ. შემოწმებისა და ლიცენზირების პროცესები მაისიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყება და ყველაფერი უმკაცრესად შემოწმდება. თუ უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბი დადგენილ სტანდარტებს კვლავ ვერ დააკმაყოფილებს (მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საპრესკონფერენციო დარბაზი, საიტი და ა.შ.) არ არის გამორიცხული, სასჯელის სახით, მათ მომავალი სეზონი მინუს ქულებით დაიწყონ. სასჯელის ეს ფორმა იმიტომ იქნა მოფიქრებული, რომ კლუბებმა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარონ ელემენტარული პრობლემები და ყოველი სეზონის დაწყების წინ, აღარ იყოს ამ საკითხებზე საუბარი.

5 ივნისის ყრილობამდე, აღმასკომი კიდევ ერთხელ შეიკრიბება. 

სფფ-ის პრესსამსახური