სიახლეები

სფფ–ის აღმასკომი ყრილობისთვის მოემზადა

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

25 ივნისის ყრილობამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა „მიხეილ მესხის“ სტადიონის საკონფერენციო დარბაზში სხდომა გამართა. ეს, ამ შემადგენლობის აღმასკომის ბოლო სხდომა იყო.

სხდომის დღის წესრიგში ცხრა საკითხი შედიოდა:              

 

 

1. სფფ–ის XX ყრილობისთვის მზადების შესახებ

 

 

2. სფფ–ის XX ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცება

 

 

3. 2011–12 წლების სალიცენზიო სეზონის გადაწყვეტილებები

 

 

4. სფფ–ის საკლუბო ლიცენზირების სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ

 

 

5. სადისციპლინო სანქციები უეფა–ს ფინანსური ფეარ–პლეის საკითხებთან დაკავშირებით

 

 

6. სფფ–ის საკლუბო ლიცენზირების დებულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

 

7. ინფრასტრუქტურული საკითხები

 

 

8. სფფ–ის სკოლების კატეგორიზაციის კომისიის ანგარიში

 

 

9. სხვადასხვა  

 

 

ყრილობასთან დაკავშირებული საკითხების გავლის შემდეგ, სფფ–ის პრეზიდენტმა, გენერალურმა მდივანმა და ფედერაციის ლიცენზირების განყოფილების უფროსმა კლუბებისა და საფეხბურთო სკოლების ლიცენზირების შესახებ ისაუბრეს. ითქვა, რომ საფეხბურთო სკოლების უმრავლესობაში, არასახარბიელო მდგომარეობაა და წაყენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ; შესაბამისად, ასზე მეტი სკოლიდან, მოცემული მომენტისთვის ლიცენზიის მიღება მხოლოდ ოცამდე სკოლას შეუძლია.

 

 

ამის შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომს დაწვრილებით მოახსენა ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ფოთის სტადიონთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და შემოდგომაზე ფოთელებს ახალი მოედანი ექნებათ. ადგილობრივი ხელისუფლება საშხაპეებისა და გასახდელების კაპიტალურად გარემონტებას უზრუნველყოფს. თუ ყველაფერი დათქმულ დროში გარემონტდება, ზვიად სიჭინავას ინიციატივით, ფოთის სტადიონზე, შესაძლოა, საქართველოს სუპერთასიც ჩატარდეს. სულ მალე დაიწყება ქობულეთის სტადიონის მინდვრის საფარის გამოცვლა. რაც შეეხება „მიხეილ მესხის“ სტადიონს, ბერძნული კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც მოედნის საფარს აგებენ, განაცხადეს, რომ ყოველმხრივ მომზადებულ მინდორს სფფ–ს 2 აგვისტოს ჩააბარებენ. თავის მხრივ, ფედერაცია კაპიტალურ რემონტს უტარებს გასახდელებს, მსაჯების ოთახებს, ვიპ–ლოჟასა და პრესლოჟას. შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, სწორეს, „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს ესპანელ თანატოლებს.

 

 

გორის სტადიონთან დაკავშირებით კი, მცირე გაუგებრობაა. ადგილობრივი ხელმძღვანელობა თვლის, რომ მათი ამჟამინდელი მინდორი გამოცვლას არ საჭიროებს და ფედერაციას ხელოვნურსაფარიანი მოედნის გაკეთებას სთხოვენ. თუმცა, სფფ სახელმწიფოსთანაა შეთანხმებული, კონკრეტულად ბუნებრივსაფარიანი მოედნების მოწყობაზე დაიხარჯოს გამოყოფილი თანხა.

 

 

რაც შეეხება პირველ ლიგას, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ არაა გარკვეული, თუ რამდენი გუნდი იასპარეზებს. დღეისათვის, სფფ–ში შემოსულია 22 კლუბის განცხადება პირველ ლიგაში თამაშის სურვილის შესახებ. თუმცა, ზვიად სიჭინავას თქმით, სავალდებულო საწევროს გადახდა (20 ათასი ლარი) არავის უნდა. საბოლოოდ, აღმასკომმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც, პირველ ლიგაში მხოლოდ გადახდისუნარიანი გუნდები ითამაშებენ. 22, 20 და 18 გუნდის შემთხვევაში, პირველი ლიგა გაიყოფა ორ ჯგუფად, ოღონდ, არა რეგიონების მიხედვით, არამედ კენჭისყრით და ერთმანეთში ითამაშებენ. 16 გუნდის შემთხვევაში, ჯგუფური დაყოფა არ მოხდება.

 

 

დასასრულს, სფფ–ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აღმასკომის წევრებს გაწეული მუშაობისთვის. მათ კი, ვისი კანდიდატურაც ხვალინდელ ყრილობაზე ახალი აღმასკომის წევრობაზეა წარდგენილი, წარმატება უსურვა.

 

 

შეგახსენებთ, რომ სფფ–ის XX ყრილობა 25 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ში გაიმართება.

 

 

სფფ–ის პრესსამსახური