სიახლეები

ჩისკომ დინამო გაალიდერა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„დინამო“ ბათუმი - „კოლხეთი“ ფოთი 1-0

გოლი:
31’ ბადრი ტეტუნაშვილი („დინამო“)

გაფრთხილება: 47’ ბადრი ტეტუნაშვილი („დინამო“), 83’ ლუკა გუგუჩია („კოლხეთი“)

შავიზღვისპირული დერბი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდის ფეხბურთელები ცდას არ აკლებდნენ გამარჯვებისთვის, მაგრამ სიცხემ მაინც თავისი როლი ითამაშა და მატჩი არც თუ ისე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა რამდენიმე ეფექტური მომენტი მაინც იხილა. მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ფოთელები ფლობდნენ, კარგად გამოიყურებოდნენ მათი აფრიკელი ლეგიონერებიც, მაგრამ გამარჯვება მაინც აჭარლებს დარჩათ. 31-ე წუთზე მიხეილ კაკალაძის ჩაწოდებულს საჯარიმოში ბადრი ტეტუნაშვილი გამოეხმაურა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ზაზა ინაშვილის შეგირდებს რამდენჯერმე შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნა „დინამოსკენ“ იყო და საბოლოო ჯამში, გამარჯვებაც ბათუმელებს დარჩათ.



„სპარტაკი“ ცხინვალი - „მერანი“ მარტვილი 1-0

გოლი: 90’ უჩა ბურძენაძე („სპარტაკი“)

გაფრთხილება: 22’ მერაბ გიგაური („სპარტაკი“), 44’ აკაკი წყაროზია („მერანი“), 84’ ნიკა კაჭარავა, 87’ ბიძინა მახარობლიძე (ორივე „სპარტაკი“), 89’ დავით ციცხვაია, 90’ აკაკი შულაია (ორივე „მერანი“)

წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს კახა კაჭარავას შეგირდებმა, „სპარტაკმა“ „მერანს“ უმასპინძლა და მინიმალური ანაგრიშით, 1-0, დაამარცხა მეტოქე. მატჩი არც თუ ისე საინტერესო გამოდგა, რაც შეხვედრაში დაფიქსირებული ანაგრიშიდანაც კარგად ჩანს. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-ე წუთზე მამალაძემ და ფონიავამ ერთმანეთს ვერ გაუგეს, რასაც საბოლოო ჯამში პენალტი მოყვა და 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად უჩა ბურძენაძემ შეასრულა.



„ტორპედო“ ქუთაისი - „დილა“ გორი 0-0

გაფრთხილება: 55’ ლუკა რაზმაძე („დილა“), 84’ სევასტი თოდუა („ტორპედო“)

ქუთაისში დაფიქსირებული ანგარიშ მატჩის მსვლელობიდან აბსოლიტურად ლოგიკური და სამართლიანია. მართალი ტერიტორიულ უპირატესობას ქუთათურები ფლობდნენ, მაგრამ ვერც მათ შეძლეს რაიმე ღირებული შექმნა მოედანზე, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ძოძუაშვილის შეგირდების გაცილებით მრავლად ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. გამორჩეული კი, გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი, თენგიზ ჩიკვილაძე, გახლდათ, რომელმაც რამდენჯერმე სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ ხან ბექა შეყრილაძე თამაშობდა ზუსტად ხანაც თვითონ მას არ უმართლებდა. საბოლოო ჯამში, გოლის გატანა ვერც გორელებმა შეძლეს და მატჩიც ფრედ დასრულდა.




„გურია“ ლანჩხუთი - „შუქურა“ ქობულეთი 0-0

გაფრთხილება: 57’ ვლადიმერ ზუხბაია („გურია“), 60’ გიორგი ჩელებაძე

ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს „ევგრაფი შევარდნაძეზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა და ამასთან ერთად მიუხედავად უგოლო ფრისა საკმაოდ საინტერესო მატჩის მომსწრენიც გახდნენ. შეხვედრის პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მათ რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, იდეალური შანსები ჰქონდა საბა ლომიას და კობა შალამბერიძეს, მაგრამ ორივე მათგანს მიზანმა უმტყუნა. პირველ ტაიმში გატანა „შუქურასაც“ შეეძლო, მაგრამ ზუსტი დარტყმის განხორციელება ვერც აჭარლებმა შეძლეს. მოკლედ, მიუხედავად რამდენიმე ძალიან რეალური მომენტისა გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ. მეორე ტაიმში არასრულფასოვნად ჩატარებულმა მოსამზადებელმა ეტაპმა იჩინა თავი და „გურია“ მხოლოდ ანაგრიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ბესიკ შეროზიას შეგირდებმა სრული სათამაშო უპირატესობა იგდეს ხელთ, მაგრამ შექმნილი რეალური მომენტებიდან ვერც ერთის რეალიზება ვერ მოახერხეს და შეხვედრა ნულოვანი ფრით, 0-0, დასრულდა.



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „მეტალურგი“ რუსთავი 0-0

გაფრთხილება: 29’ გრიგოლ ბედიაშვილი, 30’ გიორგი ვასაძე, 78’ კახაბერ კაკაშვილი (სამივე „მეტალურგი“), 90’ ლევან წურწუმია („ზუგდიდი“)

კიდევ ერთი უგოლო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, „ზუგდიდისა“ და „მეტალურგის“ დაპირისპირებაში გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ გოლის გატანა ვერც ერთმა შეძლო. ყველაზე რეალური მომენტი ნესტორ მუმლაძის შეგირდებს შეექმნათ, 30-ე წუთზე ზუგდიდელებმა 11 მეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ მათმა ფორვარდმა ვახტან კვარაცხელიამ სტანდარტი არაზუსტად შეასრულა და ანგარიშის გახსნის რეალური მომენტიც გაანიავა. ამის შემდეგ, გატანას ორივე გუნდი შეეცადა, მაგრამ როგორც უვკე მოაგხსენეთ მათ არაფერი გამოუვიდათ და შეხვედრა ფრედ დასრულდა.




„სამტრედია“ სამტრედია - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 1-0

გოლი: 3’ გიორგი გეთიაშვილი (ა.გ) (ვიტ-ჯორჯია)

გაფრთხილება: 65’ გრიგოლ დოლიძე („სამტრედია“), 85’ ირაკლი ღიბრაძე, 87’ გიორგი კალანდია, 90’ მათე კვირკვია (სამივე „ვიტ-ჯორჯია“)

უშეღავათო ბრძოლა გაიმართა „ეროსი მანჯგალაძეზე“, „სამტრედიამ“ „ვიტ-ჯორჯიას“ უმასპინძლა და გაჭირვებით, მინიმალური ანგარიშით, 1-0, დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ვეტერინართა კაპიტანმა, გიორგი გეთიაშვილმა, ჩაჭრა. ლოგიკურად ეს სამტრედიელთა დამაჯერებელი გაამრჯვების საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ზურა ბერიძის შეგირდები ადრეულმა გოლმა არ დააბნია და ვიტელებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს. მათი უპირატესობა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოიკვეთა, როდესაც იმერლებმა უკან დაიხიეს და კონტრშეტევებზე ააწყეს თამაში. რეალური შანსები ჰქონდათ ელგუჯა ლობჟანიძესა და ირაკლი ღიბრაძეს, ამ უკანსკნელის დარტყმული სულაც ძელს მოხვდა. მოკლედ ასეა თუ ისეა, გელა სანაიას შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს და აქტივში პირველი გაამარჯვებაც ჩაიწერეს.




„ჩიხურა“ საჩხერე - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 2-1

გოლი: 36’ გიორგი ჭანკოტაძე („ზესტაფონი“), 67’ ჯაბა ჯიღაური, 76’ თორნიკე მუმლაძე (ორივე „ჩიხურა“)

გაფრთხილება: 52’ თეიმურაზ ღონღაძე („ზესტაფონი“), 80’ ლაშა ჩიკვაიძე („ჩიხურა“)

იმერულმა დერბიმ ცენტრალური შეხვედრის სტატუსი სრულად გაამართლა და სტადიონზე თუ ტელევიზორებთან შეკრებილმა მაყურებელმა საინტერესო დაპირსპირება იხილა. გულშემატკივრები ორი განსხვავებული ტაიმის მომსწრენი გახდნენ. პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ და ამ უპირატესობის გოლად ქცევაც მოახერხეს, 36-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძე მასპინძელტა შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. გოლამდეც და გოლის შემდეგაც მარგველებს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გამოყენება ვერ მოახერხეს. გატანა საჩხერლებსაც შეეძლოთ, მაგრამ პირველ ტაიმში მათ შეტევებს სიმწვავე აკლდათ. შეხვედრის მეორე ნახევარში კი, სრულიად სახეცვლილი „ჩიხურა“ ვიხილეთ, სოსო ფრუიძის შეგირდებმა მწვრთნელის დავალებები ზუსტად შეასრულეს და საკუთარ გულშემატკივარს ლამაზი გამარჯვება აჩუქეს. 67-ე წუთზე ოდიკაძის მოწოდებულ სტანდარტს თავი ჯაბა ჯიღაურმა შეაშველა და ასე აიღო ბოიან პავლოვიჩის კარი. გატანილმა გოლმა საჩხერლები კიდევ უფრო გააქტიურა და 76-ე წუთზე, მათმა ახალგაზრდა ფორვარდმა, თორნიკე მუმლაძემ, ეფექტური გოლის გატანა მოახერხა. გაშვებული გოლების შემდეგ უპირატესობა კვლავ გეგუჩაძის შეგირდება იგდეს ხელთ, მაგრამ მათ ანაგრიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს და სეზონში პირველი მარცხი იწვნიეს.




„დინამო“ თბილისი - „სიონი“ ბოლნისი 1-0

გოლი: 59’ ჩისკო („დინამო“)

გაფრთხილება: 20’ გიორგი ადამია („სიონი“), 40’ მათე ცინცაძე, 72’ ირაკლი ძარია (ორივე „დინამო“)

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა არც თუ ისე მაღალ ტემპში წარიმართა, მაგრამ მატჩს უინტერესოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა რამდენიმე საინტერესო მომენტი იხილა. ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მტელი მატჩის განმავლობაში თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ შეხვედრისას იყო მომენტები, როდესაც ბოლნისელები მატჩის გათანაბრებას ახერხებდნენ. პირველ ტაიმში რამდენჯერმე კარგად გაისარჯა გიორგი პაპუნაშვილი, მაგრამ ახალაგზრდა ნახევარმცველმა გატანა ვერ მოახერხა. მის გარდა გატანა ჯანელიძესაც შეეძლო, მაგრამ ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ დედაქალაქელები ფლობდნენ და 59-ე წუთზე მათმა ესპანელმა, კაპიტანმა ეფექტური შორეული დარტყმით „დინამოსთვის“ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ „სიონმა“ გაიბრძოლა, მაგრამ ლადო ბურდულის შეგირდებმა ანაგრიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და გამარჯვებაც დედაქალაქელებს დარჩათ.




აქვე
, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „სიონი“ ბოლნისი
„ჩიხურა“ საჩხერე - „ზესტაფონი“ ზესტაფონი
„გურია“ ლანჩხუთი - „შუქურა“ ქობულეთი
„ტორპედო“ ქუთაისი - „დილა“ გორი

ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.dinamobatumi.com, www.fcdila.ge, www.fczestafoni.ge, www.fczugdidi.ge, www.fctorpedo.ge, www.facebook.com/ShukuraFans

სფფ-ის პრესსამსახური