სიახლეები

დაძაბული და საინტერესო ფინალის მოლოდინში

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

"დინამო" თბილისი - "ჩიხურა" საჩხერე

21 მაისი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 19:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე

მსაჯები: თ.გვანცელაძე, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, ლ.სილაგავა (სათადარიგო), გ.ვადაჭკორია (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი)

ამ მატჩით საქართველოში 2013/14 წლების საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიხურება და გუნდები საზაფხულო შესვენებაზე გავლენ. უკვე ზედიზედ მეორე წელია ფინალში "დინამო" და "ჩიხურა" თამაშობენ, პირველ შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს ხვდათ წილად და დამეთანხმებით საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს ხვალ.

დღეს ორივე გუნდმა გამართა მატჩის წინა ვარჯიში და მწვრთნელებმა პრესკონფერენციაც გამართეს. საჩხერლებმა "მიხეილ მესხზე" ივარჯიშეს, დინამოელებმა კი, საკუთარ ბაზაზე ამჯობინეს დარჩენა, რაც შემდგომში იმით აიხსნა, რომ დედაქალაქელები ნაწვიმარ მინდვრის საფარს გაუფრთხილდნენ. რაც შეეხება პრესკონფერენციას, ორივე მწვრთნელი ოპიტიმისტურათაა განწყობილი და ბუნებრივია ორივე მათგანს გამარჯვება სურს. იმერლთა სამწუხაროდ ტრავმების გამო ხვალინდელ შეხვედრაში მათ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებათ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ბესიკ დეკანოიძე, რატი წინამძღვრიშვილი და ელგუჯა გრიგალაშვილი ხვალ ვერ ითამაშებენ, ჯიღაურისა და ჭელიძის საკითხი კი, კვლავაც ღიაა.

უკვე მოგახსენეთ, რომ შარშანდელი ფინალი "დინამომ" მოიგო, ისე კი, საერთო ჯამში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში ამ გუნდებს სულ 8-ჯერ აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები, აქედან 4 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 3 ფრედ დასრულდა და 1 შეხვედრაც საჩხერლების გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ მატჩზე დასაწრები ბილეთის ფასი 2 ლარია.