სიახლეები

სტუმართა ტური

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„სიონი“ ბოლნისი - „ჩიხურა“ საჩხერე 3-2

გოლი:
12’ ზვიად ლობჟანიძე („სიონი“), 37’ ლაშა ჭელიძე, 38’ ნიკა კვასხვაძე (ორივე „ჩიხურა“), 75’ ჯაბა უგულავა, 87’ ზვიად ლობჟანიძე (ორივე „სიონი“)

გაფრთხილება: 14’ ალექსანდრე გოგობერიშვილი, 39’ რევაზ ქემოკლიძე (ორივე „სიონი“), 51’ ლაშა ქიმაძე („ჩიხურა“)

ტურის ცენტრალურმა დაპირისპირებამ სრულად გაამრთლა საკუთარი სტატუსი და მაყურებელმა ძალიან საინტერესო შეხვედრა იხილა. დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება „სიონს“ დარჩა და ბოლნისელები გამარჯვებათა ტრიუმფალურ სერიას განაგრძობენ.

ანგარიში მალევე გაიხსნა, მე-12 წუთზე გოლის ავტორად მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ზვიად ლობჯანიძე, მოგვევლინა. მიუხედავად ნაადრევი გოლისა, საჩხერლებმა მობილიზება მოახერხეს და ტაიმის ბოლოს ლადო ბურდულის შეგირდები საკამოდ არასასიამოვნო სურპრიზი მოუწყვეს. 37-ე წუთზე მათმა მცველმა ლაშა ჭელიძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ზუსტად ერთ წუთში კი ნიკა კვასხვაძემ ზემო იმერლები წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმიც ძალიან საინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით კი, ბოლო 15 წუთი, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. 75-ე წუთზე ბოლნისელთა ახალგაზრდა შემტევმა, ჯაბა უგულავამ, ზუსტად გაისროლა და წონასწორობა აღადგინა. გოლიდან ზუსტად 12 წუთში ზვიად ლობჟანიძემ დუბლი გაიფორმა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამ გამარჯვებით ქვემო ქართლელებმა სატურნირო ცხრილში წინ ვერ წაიწიეს, თუმცა ევროტურნირებზე თამაში თითქმის გაინაღდეს.



„გურია“ ლანჩხუთი - „დინამო“ თბილისი 1-2

გოლი: 29’ ჩისკო (პენ.) („დინამო“), 54’ ვილი ისიანი („გურია“), 74’ ოთარ მარცვალაძე („დინამო“)

გაფრთხილება: 27’ დავით ხურცილავა („დინამო“), 78’ ვილი ისიანი („გურია“)

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო თბილისის „დინამომ“, სტუმრად მოთამაშე თბილისელებმა დაძაბულ შეხვედრაში, მინიმალური სხვაობით, 1-2, დაამარცხეს მეტოქე. მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ანაგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, 11 მეტრიანი დარტყმა ზუსტად ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკომ, შეასრულა და დედაქალაქელები წინ გაიყვანა. ამის შემდეგ პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანაგარიშ აღარ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე ამავე ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი კვლავ ორმხირივი შეტევებით წარიმართა და 54-ე წუთზე გურულთა შემტევმა, ვილი ისიანმა, ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები საგრძნობლად გააქტიურდნენ და ამან შედეგი 74-ე წუთზე გამოიღო, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ოთარ მარცვალაძეს გოლის გატანა აღარ გაჭირვებია და „დინამოს“ საჭირო გამარჯვება მოუტანა.




„მეტალურგი“ რუსთავი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 0-1

გოლი: 85’ გიორგი ჭანკოტაძე

გაფრთხილება: 44’ მერაბ გიგაური („მეტალურგი“), 47’ ავთო ენდელაძე („ზესტაფონი“)

რუსთაველებმა „ზესტაფონს“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ძალები ბოლომდე აღარ ეყოთ და უაკანსკნელ წუთებზე დასანანი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. 85-ე წუთზე „მეტალურგის“ მცველმა, დავით საჯაიამ, ცენტრში ბურთი დაკარგა, ზესტაფონელებმა ამით ისარგებლეს და კონტრშეტევა წამოიწყეს, რაც გოლით მათმა ახალგაზრდა შემტევმა, გიორგი ჭანკოტაძემ, დაასრულა. ამ გამარჯვებით ზესტაფონმა ჩემპინობის თეორიული შანსები შეინარჩუნა და შემდეგ ტურში სწორედ ლიდერ, თბილისის „დინამოს“, უმასპინძლებს.



„ზუგდიდი“ ზუგიდი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 2-3

გოლი: 26’ ნიკოლოზ მაისურაძე („ვიტ-ჯორჯია“), 30’ ბაქარ მირცხულავა, 38’ ოთარ ჯავაშვილი (ა.გ) (ორივე „ზუგდიდი“), 81’ გიორგი კორიფაძე („ვიტ-ჯორჯია“), 89’ დავით კირკიტაძე (პენ.) („ზუგდიდი“)

გაფრთხილება: 28’ ლევან საბაძე („ვიტ-ჯორჯია“), 28’ გურამ სამუშია („ზუგდიდი“), 30’ ჯონი შეროზია, 53’ გიორგი გეთიაშვილი, 93’ ნიკოლოზ მაისურაძე (სამივე „ვიტ-ჯორჯია“)

დაძაბული მატჩი გაიმართა განმუხურში, ზუგდიდელებმა დასანანი მარცხი იწვნიეს და კიდევ უფრო გაიმრუდეს უმაღლეს ლიგაში დარჩენისკენ მიმავალი გზა. ანგარიში 26-ე წუთზე ვეტერინართა შემტევმა, ნიკოლოზ მაისურაძემ, გახსნა. გოლიდამ მალევე, ზუსტად 4 წუთში, ზუგდიდელთა მცველმა, ბაქარ მირცხულავამ, წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მეგრელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, 38-ე წუთზე ოთარ ჯავაშვილმა ავტოგოლი გაიტანა და კვლავ თბილისელები დააწინაურა. პირველ ტაიმში ანაგრიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი „ზუგდიდის“ აქტიურობით დაიწყო, გიორგი დარასელიას შეგირდები დიდი ძალებით უტევდნენ და სწორედ ამიტომ, 81-ე წუთზე ვიტელთა მწვავე კონტრშეტევა გამოეპარათ, გამოცდილმა, გიორგი კორიფაძემ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და საკუთარი გუნდის უპირატესობა სოლიდური გახადა. შეხვედრის მიწურულს „ვიტ-ჯორჯიას“ კარში პენალტი დაინიშნა და დავით კირკიტაძემ სხვაობის მინიმუმადე შემცირება მოახერხა.



„სპარტაკი“ ცხინვალი - „ტორპედო“ ქუთაისი 1-2

გოლი: 38’ თეიმურაზ შონია („სპარტაკი“), 55’ თენგიზ ჩიკვილაძე, 84’ დავით ხურციძე (ორივე „ტორპედო“)

გაფრთხილება: 32’ თეიმურაზ მარკოზაშვილი („ტორპედო“), 38’ ზვიად მეტრეველი („სპარტაკი“)

კვლავ იმარჯვა ქუთაისის „ტორპედომ“, ამჯერად ქუთათურები „სპარტაკს“ ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში ცხინვალელებმა გახსნეს, 38’ წუთზე მეტოქის კარი გუნდი კაპიტანმა, თეიმურაზ შონიამ, აიღო. ქუთაისლებმა მეორე ტაიმში უპასუხეს „სპარტაკს“ და 55-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ აღარდგინა სხვაობა. მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე კი, გამარჯვების გოლი დავით ხურციძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით ქუთაისლებმა ფაქტიურად გაინაღდეს უმაღლეს ლიგაში დარჩენა.




„მერანი“ მარტვილი - „დილა“ გორი 0-3

გოლი: 18’, 70’ გიორგი ქვილითაია, 45’ დავით ბოლქვაძე (პენ.) (ორივე „დილა“)

გაფრთხილება: 59’ ლაშა ჯღამაია („მერანი“)

ოთხ მატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ „დილამ“ გამარჯვების გემო გაიხსენა და შინ მოთამაშე „მერანი“ დამაჯერებლად, 0-3, დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე გორელთა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ, გახსნა. გორელთა უპირატესობა ტაიმის მიწურულს კიდევ უფრო განმტკიცდა, მარტვილელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტ მეტრიანი ზუსტად დავით ბოლქვაძემ შეასრულა. საბოლოო ანგარიში კი, 70-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ქვილითაიამ დუბლი გაიფორმა. ამ გამარჯვებით გია გიგატაძის შეგირდებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისკენ.


აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„გურია“ ლანჩხუთი - „დინამო“ თბილისი
„მეტალურგი“ რუსთავი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი
„სპარტაკი“ ცხინვალი - „ტორპედო“ ქუთაისი


ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fczestafoni.ge, www.fctorpedo.ge

სფფ-ის პრესსამსახური