სიახლეები

საქართველოს თასი - მორიგი ჩაშლილი შეხვედრა

გაუზიარე

„ჩიხურა“ საჩხერე - „სიონი“ ბოლნისი 2-1


გოლი:
54’ ალექსანდრე გოგობერიშვილი („სიონი“), 79’ დავით ოდიკაძე, 90’ ნიკა კვასხვაძე (ორივე „ჩიხურა“)

ივანწმინდაში გამართულმა შეხვედრამ სრულად გაამართლა ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი. შეხვედრა ერთბაშად საინტერესოც, დაძაბულიც და დრამატულიც გამოდგა. საერთო ჯამში საჩხერლებმა 3-2 იმარჯვეს და საქართველოს თასის ნახევარფინალში გააღწიეს.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს, პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა და გატანილი გოლები მაყურებლებმა მეორე ტაიმში იხილეს. ანაგრიში 54-ე წუთზე „სიონის“ გამოცდილმა ნახევარმცველმა, ალექსანდრე გოგობერიშვილმა, გახსნა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა მაყურებელმა დრამატული ბოლო წუთები იხილა. 79-ე წუთზე თანაფარდობა დავით ოდიკაძემ აღადგინა, მატჩის უკანასკნელ წუთზე კი, გამარჯვების გოლი ნიკა კვასხვაძემ გაიტანა და საჩხერელ გულშემატკივრებს უსაზღვრო სიხარული მიანიჭა.



„დილა“ გორი - „ტორპედო“ ქუთაისი 2-0

გოლი: 3’ კობა შალამბერიძე, 60’ გურამ გურეშიძე (ორივე „დილა“)

გორში გამართული შეხვდრა „დილას“ სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. გორელებმა ჯამში 4-1 დაამარცხეს მეტოქე და შემდეგ ეტაპზე თავისუფლად გავიდნენ.

ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა, როგორც „დილას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, გორელთა ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ სოლო რეიდის შედეგად მახვილი კუთხიდან გაიტანა. გატანილი გოლების შემდეგ სოღოლაშვილის შეგირდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი კვლავ შიდა ქართელელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მომენტების შექმნა ქუთათურებმაც მოახერხეს. ანგარიშში სხვაობა მე-60 წუთზე გაიზარდა, გურამ გურეშიძემ კობა შალამბერიძის გადაცემა გამოიყენა და „დილას“ ნახევარფინალი გაუნაღდა. ამის შემდეგ სტადიონზე საინტერესო არაფერი მომხდა და შეხვედრა 2-0 დასრულდა.




„მერანი“ მარტვილი - „შუქურა“ ქობულეთი 2-2

გოლი: 17’ მიხეილ კაკალაძე („ქობულეთი“), 46’ დავით ციცხვაია, 60’ პაპუნა ფონიავა (ორივე „მერანი“), 72’ გიორგი ჩელებაძე (პენ.) („შუქურა“)

სამტრედიაში გამართული შეხვედრა ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იყო და ბუნებრივია გარკვეული დაძაბულობაც თან ახლდა, თუმცა იმას რაც დღეს „ეროსი მანჯგალაძეზე“ მოხდა არანაირი გამართება არ აქვს. 94-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2-2 იყო, მარტვილელებმა გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა. სწორედ ამ ფაქტ მოყვა ვნებათაღელვა სტადიონზე, მოედანზე დაახლოებით 200 გულშემატკივარი შემოიჭრა და მათ მსაჯებს როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენეს. ბუნებრივია ამ საკითხზე სფფ-ს შესაბამისი სტრუქტურები იმსჯელებენ და მათ ვერდიქტს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ანგარიში  მე-17 წუთზე ქობულეთელთა გამოცდილმა შემტევმა , მიხეილ კაკალაძემ, გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ მარტვილელები გააქტიურდნენ და პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე დათა ციცხვაიას ზუსტი დარტყმის წყალობით წონასწორობაც აღადგინეს.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი აქტიურობდა, თუმცა უფრო აქტიურები „მერანის“ ფეხბურთელები იყვნენ რადგანაც მათ გოლსი გატანა სჭირდებოდათ, „შუქურა“ კი, კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშის აწყობას. საბოლოო ჯამში, მე-60 წუთზე პაპუნა ფონიავამ გაისროლა და მარტვილელი გულშემატკივარიც გაახარა. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, „შუქურამ“ მაინც მოახერხა კონცენტრირება და 72-ე წუტზე გიორგი ჩელებაძემ პენალტით სხვაობა აღადგინა. გატანილი გოლის შემდეგ დაძაბული და ნერვიული თამაში წავიდა, რამაც მატჩის ბოლოს ზემოთ აღწერილი ფაქტი გამოიწვია. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ნახევარფინალში „შუქურა“ ითამაშებს, სხვა დანარჩენს კი როგორც უკვე მოგახსენეთ მოგვიანებით შეგატყობინებთ.




„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი 4-1

გოლი: 3’ თორნიკე გორგიაშვილი, 16’ გიორგი მერებაშვილი (პენ.), 39’ ჩისკო, 47’ დარკო გლიშიჩი (ყველა „დინამო “), 59’ ბესიკ ჩიმაკაძე („მეტალურგი“)

მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, დინამოელებმა ბოლომდე იბრძოლეს და სამთამაშიანი საშინაო წაგებათა სერია დამაჯერებელი გამარჯვებით შეწყვიტეს.

მატჩი „დინამოს“ აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე ჩისკოს გადაცემის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილმა თბილისელთა შემადგენლობაში პირველი გოლის გატანა მოახერხა. გატანილი გოლის შემდეგ დედაქალაქელები არ მოდუნებულან და კვლავ უტევდნენ. მე-16 წუთზე მერებაშვილის პასის შედეგად ოთარ მარცვალაძე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მეკარე ბედიაშვილმა მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და მსჯამაც 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. სტანდარტი ზუსტად გიორგი მერებაშვილმა შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა განამტკიცა. დინამოელები უპირატესობას არ თმობდნენ და შეტევებს აგრძელებდნე, შიგადაშიგ „მეტალურგიც“ ახერხებდა მომენტების შემქნას, თუმცა საქმე რეალურ საგოლე მომენტამდე არ მისულა. 39-ე წუთზე „დინამომ“ ულამაზესი გოლი გაიტანა, გიორგი რეხვიაშვილის შორეულ გადაცემა მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ჩისკომ მიიღო და მარტივად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. შეხვედრის პირველი ნახევარ ამავე ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის მეორე წუთზე დინამოელებმა კვლავ გაიტანეს, ჩისკომ უზუსტესი პასით დარკო გლიშიჩი მეკარესთა პირისპირ დატოვა და მაკედონელმა ლეგიონერმაც ერთი შეხებით აიღო მეტოქის კარი. მეოთხე გატანილი ბურთის შემდეგ დედაქალაქელები ცოტა მოდუნდნენ და რუსთაველებსაც მომენტების შექმნის საშუალება მიეცათ. მათმა მცედოლებებმა შედეგი 59-ე წუთზე გამოიღო, როდესაც სამსვლიანი კომბინაცია, ბესიკ ჩიმაკაძზემ დაასრულა ზუსტი დარტყმით. ამის შემდეგ გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა შეხევდრაში მეტი გოლი აღარ გასულა.




აქვე
, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

 „დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი
„დილა“ გორი - „ტორპედო“ ქუთაისი


ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.facebook.com/FCSIONIBOLNISI, https://www.facebook.com/fcmerani

სფფ-ის პრესსამსახური