სიახლეები

ხვალ საფეხბურთო სეზონი განახლდება

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„მეტალურგი“ რუსთავი - „დინამო“ თბილისი

22 თებერვალი, რუსთავი,  „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, გ.ყრუაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი რეხვიაშვილი („დინამო“ თბილისი)

ორივე გუნდის შემადგენლობაში საკამოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. „მეტალურგი“ დატოვა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ, მისი ადგილი კი, დუბლშემადგენლობის მწვრთვნელმა ვარლამ კილასონიამ დაიკავა. რუსთაველთა რიგები დატოვა და კარიერას გორის „დილაში“ განაგრძობს ლუკა რაზმაძე. „მეტალურგი“ კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა რუსთაველებმა შევსებაც საკმაოდ ნორმალური მიიღეს.

როგორც უკვე მოგახსენეთ სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა „დინამოშიც“. გუნდმა ნაყოფიერი წინა სასეზონო მზადება გაიარა და სრულ მზადყოფნაშია ახალი სეზონის დასაწყებად. თბილისელებმა რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც შემოგვთავაზეს, ყველაზე გამორჩეული კი, მათ რიგებში ოთარ მარცვალაძის გამოჩენა იყო. გამოცდილმა ქართველმა შემტევმა „დინამოსთან“ 6 თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ეს ორივე გუნდისთვის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება და საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს. თუ არ ჩავთვლით გიორგი რეხვიაშვილის დისკვალიფიკაციას ორივე გუნდი თამაშს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.



„სიონი“ ბოლნისი - „ჩიხურა“ საჩხერე

22 თებერვალი, თბილისი, „მიხეილ მესხი“, 14:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე

მსაჯები: თ.გვანცელაძე, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ბ.ნინუა (2 დამ.ასისტენტი), ჯ.ხორავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: რევაზ ქემოკლიძე, დაჩი ფოფხაძე (ორივე „სიონი“ ბოლნისი)

მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალურ დაპირისპირებას თბილისი უმასპინძლებს. „ჩიხურა“ მეორე ადგილზეა, „სიონმა“ კი, პირველი ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა და ღირსეულ მეოთხე პოზიციაზეა. ეს ორი გუნდი იმითაცაა გამორჩეული, რომ მათ სხვებისგან განსხვავებით ყველაზე უკეთ შეძლეს ძირითადი ბირთვის შენარჩუნება, მართალია საჩხერელთა რიგები მათმა ბომბარდირმა დიმიტრი ტატანაშვილმა დატოვა, რაც ბუნებრივია დიდი დანაკლისია „ჩიხურასთვის“, მაგრამ გუნდის ყველა სხვა ლიდერი კვლავ საჩხერელთა ღირსებას დაიცავს.

ზემო იმერლები საქართველოში მოემზადნენ მეორე ეტაპისთვის, „სიონმა“ კი, საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში. მოკლედ, ძალიან საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვართ და იმედი გვაქვს, რომ მატჩი საკუთარ სტატუსს სრულად გაამართლებს.



„ტორპედო“ ქუთაისი - „დილა“ გორი

22 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.კოკაია, ო.ხეცაძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ბექა ტუღუში („ტორპედო“ ქუთაისი)

ზამთრის შესვენებისას ქუთაისის „ტორპედოში“ ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა, გუნდი დატოვა კომპანია „ვისოლმა“ და თითქმის ყველა ფეხბურთელმა. ქუთათურები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩდნენ, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით მათ შეძლეს ახალი გუნდის შეკრება, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რევაზ ძოძუაშვილი, იმუშავებს. გუნდში ასევე იმუშავებს გიორგი დემეტრაძე.

მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგეს გორელებმა, ირაკლი მოდებაძე კარიერას თბილისის „დინამოში“ განაგრძობს, კახაბერ ალადაშვილი კი, ხაბაროვსკის „სკა-ენერგიაში“. ჩვენი აზრით, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი წყვილია და დაძაბულ მატჩს უნდა ველოდოთ, მითუმეტეს, რომ განახლებული „ტორპედო“ პირველად წარსდგება საკუთარი მაყურებლის წინაშე.



„შუქურა“ ქობულეთი - „მერანი“ მარტვილი

22 თებერვალი, ქობულეთი, „ჩელე არენა“, 14:00

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ი.მაჩიტიძე, ზვ.ერქვანია, ა.კრიჭაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ზაზა ტუღუში („შუქურა“ ქობულეთი)

„შუქურა“ პირველი ლიგის ერთადერთი წარმომადგენელია მეოთხედფინალურ ეტაპზე, ამიტომაც მათი ასპარეზობა ორმაგად საინტერესო და დამაინტრიგებელია. თავის მხრივ თითქმის ყველა ქართული გუნდის მსგავსად „მერანშიც“ საკმაო ცვლილებები განხორციელდა. მათ მთავარ მწვრთნელად წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ზურაბ იონანიძე, დაინიშნა. მარტვილელებმა შეკრება თურქეთში გაიარეს და სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. „შუქურამ“ პირველი ლიგის პირველი წრე კარგად ჩაატარა და უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება, ამიტომაც უშეღავათო და საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ.



„ზესტაფონი“ ზესტაფონი – „სპარტაკი“ ცხინვალი

პირველი წრე: 1-0

22 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, თ.ხუჭუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზესტაფონი“)

მე-17 ტურში უამინდობის გამო გადადებულ შეხვედრას კვლავ ზესტაფონი უმასპინძლებს. ზამთრის შესვენებისას გია გეგუჩაძემ ნაყოფიერი სელექცია ჩაატარა და გუნდმა საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დაიმატა. მარგველებმა შეკრება თურქეთში გაიარეს, სადაც საკმაოდ კარგ გუნდებთან უწევდათ სპარინგების გამართვა. თავის მხრივ ცხინვალელებიც თურქეთში მოემზადნენ, მოკლედ ორივე გუნდი სრულ მზადყოფნაში ხვდება სეზონს.  


ფოტოები - www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge,  www.facebook.com/FCChikhura

სფფ-ს პრესსამსახური