სიახლეები

უმაღლესი ლიგა: XV ტურის პრევიუ

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ზესტაფონი“ ზესტაფონი  - „ჩიხურა“ საჩხერე

პირველი წრე: 1-0

4 დეკემბერი, ზესტაფონი, დავით აბაშიძე, 18:00

მსაჯები: თ.გვანცელაძე, ზ.ფიფია, ზვ.ერქვანია, თ.ხუჭუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან შარიქაძე („ზესტაფონი“)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მონათლულ შეხვედრას ზესტაფონი უმასპინძლებს, დავით აბაშიძეზე იმერული დერბი გაიმართბეა.

გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ „ზესტაფონმა“ თამაში აშკარად გამოასწორა და გუნდი უკვე ზედა ექვსეულის ბინადარია, თანაც საგულისხმოა, რომ მათ ორივე გამარჯვება უშუალო კონკურენტებთან იზეიმეს. ვფიქრობთ, მარგვეთელები დიდ ბრძოლას გაუმართავენ „ჩიხურას“ და შეეცდებიან წარმატებული სერია უფრო გააგრძელონ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფ საჩხერლებს გასვლაზე თამაში ცოტათი უჭირთ, ალბათ ამ პატარა უპირატესობის გამოყენებასაც ეცდებიან გეგუჩაძის შეგირდები.

წინა ტურში „ჩიხურა“ რუსთავის მეტალურგს ესტუმრა და ფრედ, 1-1 ითამაშა რითაც ლიდერ „დინამოსთან“ ჩამორჩენა 5 ქულამდე გაზარდა. ზემო აღნიშნული მიზეზის გამო სავარაუდოა, რომ საჩხერლები არასასიამოვნო სტატისტიკის დარღვევას შეეცდებიან და ზესტაფონში სამი ქულისთვის ჩავლენ.



„მეტალურგი“ რუსთავი - „დილა“ გორი

პირველი წრე: 3-0

4 დეკემბერი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, გ.ჩიგოგიძე, ლ.ვარამიშვილი, ბ.ნინუა (სათადარიგო), გ.ვადაჭკორია (1 დამ.ასისტენტი), ა.ნონიკაშვილი (2 დამ.ასისტენტი)

დისკვალიფიაცია: მიხეილ გორელიშვილი („დილა“)

აღნიშნული ტურის კიდევ ერთ საინტერესო მატჩს რუსთავი უმასპინძლებს, შეხვედრაში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან, რაც ინტრესსა და დაძაბულობას მატებს თამაშს.

გასულ ტურში გორელებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამსახურებული სამი ქულა აიღეს, რის შედეგადაც მეექვსე ადგილიდან, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს. სავარაუდოა, რომ ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ „დილა“ კიდევ უფრო მოტივირებული იქნება და დიდ ბრძოლას გაუჩაღებს „მეტალურგს“.

უმაღლეს ლიგაში ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ აშკარა უპირატესობას რუსთაველები ფლობენ, მათ ანაგრიშზე, 40 ჩატარებული შეხვედრიდან, 20 მოგება, 6 ფრე და 14 წაგებაა. გასულ ტურში რუსთაველებმა ფრე ითამაშეს და სწორედ ამით მისცეს საშუალება გორელებს, რომ მათთვის გადაესწროთ. „მეტალურგის“ სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ისინი საკუთარ კედლებში მატჩს არ აგებენ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ.




„დინამო“ თბილსი - „გურია“ ლანჩხუთი

პირველი წრე: 2-1

5 დეკემბერი, თბილისი, „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, გ.მენთეშაშვილი, ზ.ბერულავა, ლ.სილაგავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დორინ გოგა („დინამო“), კობა შალაბმერიძე („გურია“)

ფინანსური პრობლემებით შეწუხებული „გურია“ ამ მატჩში დუბლშემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რაც გურულთა შანსებს ამცირებს, თუმცა დარწმუნებულები ვართ ახალგაზრდა გურულები ყველაფერს გააკეთებენ „დინამოსთან“ თავის წარმოსაჩენად. იმედი ვიქონიოთ ლანჩხუთელები მალე მოაგვარებენ პრობლემებს და ჩვეული თამაშით კვლავ გაახარებენ გულშემატკივარს.

რაც შეეხებათ თბილისელებს, ისინი საკუთარ კედლებში დაუმარცხებლად ასპარეზობენ და თანაც კარგ ფორმაში იმყოფებიან. საუბარი იყო თითქოს გუნდს დუშან უჰრინი ტოვებდა, თუმცა ჩეხმა სპეციალისტმა ეს ჭორები არ დაადასტურა და „პლზენთან“ რაიმე მოლაპარაკებები უარყო. ასე, რომ დინამოელთა მხრიდან ჩვეულ თამაშს უნდა ველოდეთ, ისინი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან.



„სიონი“ ბოლნისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი

პირველი წრე: 2-1

5 დეკემბერი, თბილისი, მიხეილ მესხი, 14:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

შესანიშნავ ფორმაში მყოფი ბოლნისელები „ზუგდიდელებს“ დაუპირისპირდებიან. „სიონი“ უკვე ზედიზედ სამი ტურია იმარჯვებს და ზედა ექვსეულს სულ რაღაც 2 ქულა აშორებს. მოსალოდნელია, რომ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი მორიგი სამი ქულისთვის იბრძოლებს, რადგანაც ბოლნისელთათვის ზედა ექვსეულში მოხვედრა უდაოდ კარგი შედეგი იქნება.

თავისხმრივ, „ზუგდიდიელებს“ სურთ ბოლო ადგილს თავი დააღწიონ და ძველებურად ღირსეული თამაშით გაახარაონ გულშემატკივრები. გასულ ტურში ზედიზედ სამი მარცხის შემდგომ ზუგდიდელებმა ფრე ითამაშეს და გიორგი დარასელიას თავკაცობით პირველი ქულა მოიპოვეს. დარასელიამ მისი პროფესიონალიზმი „გორის“ დილაში მუშაობით დაამტკიცა და უნდა ველოდოთ, რომ „ზუგდიდიც“ ნელ-ნელა დაიწყებს თამაშების მოგებას.



„მერანი“ მარტვილი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი

პირველი წრე: 3-0

5 დეკემბერი, სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ლ.თოდრია, კ.ტეფნაძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

ამ შეხვედრაშიც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები ხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში „მერანი“ „ვიტ-ჯორჯიას“ გადაასწრებს და ბოლო ადგილებს კიდევ უფრო დაშორდება. გასულ ტურში მათ მალხაზ ჟვანიას წასვლის შემდეგ პირველი ქულა მოიპოვეს.

ქულები ვეტერინარებსაც ძალიან სჭირდებათ, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ისინი სამტრედიაში მოსაგებად ჩავლენ, თანაც ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში თბილისელები მეცხრე ადგილს განიმტკიცებენ და მარტვილელბთან სხვაობას 5 ქულამდე გაზრდიან.



„ტორპედო“ ქუთაისი - „სპარტაკი“ ცხინვალი

პირველი წრე: 0-1

5 დეკემბერი, ქუთაისი, გივი კილაძე, 16:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, დ.ჩიგოგიძე, დ.კვეტენაძე, დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: მათე ცინცაძე („ტორპედო“), ლაშა ჩაფიძე („სპარტაკი“)

უმაღლესი ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში ქუთაისის „ტორპედოს“ უკვე 2 თვეა გამარჯვება არ უზეიმია. მათ უკანასკნელად მარტვილის „მერანი“ დაამარცხეს, 6 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ასეთმა წარუმატებელმა ასპარეზობამ ქუთათურთა სატურნირო მდგომარეობაზეც იქონია გავლენა და ისინი მეორე ადგილიდან მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდნენ. ყველა ზემოთ აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით „ტორპედოს“ 3 ქულა
ძალიან ესაჭიროება.

კარგი დროება არც ცხინვალელებს უდგათ ისინი ბოლოსწინა ადგილს იკავებენ და ბოლო ადგილოსან „ზუგდიდს“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებენ. გასულ ტურში ისინი „დინამოს“ დაუპირსიპირდნენ და 0-4 დამარცხდნენ, რამაც მათი სატურნირო მდგოამრეობა კიდევ უფრო დაამძიმა. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ „სპარტაკი“ ყველაფერს გააკეთებს ქუთაისიდან თუნდაც 1 ქულის წამოსაღებად.