სიახლეები

უმაღლესი ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„მეტალურგი“ რუსთავი  - „ჩიხურა“ საჩხერე 1-1

გოლი:
ბესიკ დეკანოიძე (5), დენის დობროვოლსკი (57)

გაფრთხილება: 44’ დენის დობროვოლსკი („მეტალურგი“), 62’ გიორგი გაბედავა („ჩიხურა“), 88’ გიორგი მახვილაძე („მეტალურგი“)

როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. შეხვედრაში ანგარიში მალევე, მეხუთე წუთზე, გაიხსნა. გოლის ავტორად კი, ბესიკ დეკანოიძე მოგვევლინა. მიუხედავად ადრეული გოლისა, რუსთაველმა ფეხბურთელებმა შეძლეს მობილიზება და 57 წუთზე დენის დობროვოლსკის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს. ამ ფრის შედეგად „ჩიხურამ“ ლიდერთან სხვაობის შემცირება ვერ შეძლო, „მეტალურგი“ კი, ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და ლანჩხუთის „გურიას“ 2 ქულით ჩამორჩება.



„მერანი“ მარტვილი  - „გურია“ ლანჩხუთი 1-2

გოლი: ალექსანდრე კოშკაძე (37, 50), ლაშა კუჭუხიძე (65)

გაფრთხილება: 37’ შოთა ბაბუნაშვილი („მერანი“), 49’ ლაშა კუჭუხიძე(„მერანი“), 54’ ვლადიმერ ჯოჯუა
(„გურია“), 80’ კიჭი მელიავა („მერანი“), 88’ პაპუნა ფონიავა („მერანი“), 90’ მამუკა ტორონჯაძე (გურია)

სამტრედიაში შეკრებილმა გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლა და საკმაოდ საინტერესო მატჩი იხილა. შეხვედრის არბიტრმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი უჩვენა. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება გურულმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს. ანგარიში მათმა გამოცდილმა ნახევარმცველმა, ალექსანდრე კოშკაძემ, 37-ე წუთზე გახსნა. იმავე კოშკაძემ 50-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. მარტვილელებმა ერთი გოლის გაქვითვა 65-ე წუთზე შეძლეს, გოლის ავტორი ლაშა კუჭუხიძე გახდა. ზედიზედ მესამე გამარჯვებით „გურიამ“ „მეტალურგს“ გადაასწრო და მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა. „მერანი“ კი, წარუმატებელ სვლას აგრძელებს და ბოლო ადგილოსანთან ჩამორჩენა 5 ქულაა.



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი  - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 1-0

გოლი: ლევან კუხალეიშვილი (90)
ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო. ვერც იმას ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდს გამოკვეთილი უპირატესობა ჰქონდა. უკვე სრულდებოდა, როდესაც 90-ე წუთზე ლევან კუხალეიშვილმა ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ეს გამარჯვება ვეტერინარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ისინი ზედიზედ სამი ტური ვერ ახერხებდნენ გამარჯვებას. მატჩში დაფიქსირებულ შედეგს ცხრილში მნიშვნელვანი ცვლილებები არ გამოუწვევია, ორივე გუნდი იმავე პოზიციაზე დარჩა.



„სიონი“ ბოლნისი  - „სპარტაკი“ ცხინვალი 3-2

გოლი: ალექსანდრე გოგობერიშვილი (18), გიორგი თექთურმანიძე (28), ლაშა ჩაფიძე (68), გიორგი კახელიშვილი (83), ზვიად ლობჟანიძე (85)

გაფრთხილება: 42’ ნიკა მგელაძე („სპარტაკი“), 61’ ზვიად ლობჟანიძე („სიონი“), 66’ გიორგი თექთურმანიძე („სპარტაკი“), 72’ ლაშა ჩაფიძე („სპარტაკი“)

გაძევება: 83’ ლაშა ჩაფიძე (ორი ყვითელი)

ნამდვილი საფხბურთო თრილერი იხილა გორში შეკრებილმა ფეხბურთის გულშემატკივარმა. „სიონმა“ ანგარიშის გახსნა მე-18 წუთზე, ალექსანდრე გოგობერიშვილის, ზუსტი დარტყმის წყალობით მოახერხა. ცხინვალელებმა ამ გოლს ათიოდე წუთში უპასუხეს და ანგარიში  გაათანაბრეს, გოლის ავტორი გიორგი თექთურმანიძე გახდა. ასე დასრულდა პირველი ნახევარი. 68-ე წუთზე გოლის გატანა ლაშა ჩაფიძემ მოახერხა და „სპარტაკი“ დააწინაურა. 83-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა წონასწორობა აღადგინა, ამავე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ლაშა ჩაფიძემ და მოედანი ნაადრევად დატოვა. რიცხვობრივი უპირატესობა ბოლნისელებმა კარგად გამოიყენეს და 85-ე წუთზე ზვიად ლობჟანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.



„ტორპედო“ ქუთაისი  - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 0-1

გოლი: ავთო ენდელაძე (55)

გაფრთხილება: 15’ რენე ფერეირა („ზესტაფონი“), 29’ დავით უბილავა („ტორპედო“), 80’ ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზესტაფონი“), 83’ ლაშა შარიქაძე („ზესტაფონი“)

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ქუთაისში გამართული იმერული დერბი. პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ქუთაისელი ფეხბურთელები ფლობდნენ და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ტაიმის ბოლოს გია გეგუჩაძის შეგირდები გააქტიურდნენ და ორი ძალიან რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა მაქსიმე ქვილითაიამ ორივე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გადაარჩინა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ტერიტორიულ უპირატესობას კვლავ ტორპედოელები ფლობდნენ, მაგრამ დაცვაში ძალიან უყურადღებოდ თამაშობდნენ და სწორედ ეს გახდა გადამწვეტი. ერთ-ერთი ასეთი შეცდომით ავთო ენდელაძემ ისარგებლა და 55-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ეს ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება იყო გუნდში დაბრუნებული გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისელთათვის კი, ეს მარცხი ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა.



„დინამო“ თბილისი  - „დილა“ გორი 1-1

გოლი: გიორგი გველესიანი (17), ოთარ ხიზანეიშვილი (42)

გაფრთხილება: 16’ ოთარ ხიზანეიშვილი („დილა“), 50’ ლევან ხმალაძე („დინამო“), 76’ ნიკა ფილიევი („დილა“)

ბოლო პერიოდში ამ ორი გუნდის მონაწილეობით გამართული მატჩების მსგავსად, დღევანდელი ტურის უკანასკნელი შეხვედრაც დაძაბული და რაც მთავარია სანახაობრივი გამოდგა. საწყის წუთებში „დილა“ ფლობდა უპირატესობას შემდეგ კი, სათამაშო ინიციატივას „დინამო“ დაეუფლა. შეხვედრაში ანგარიში 17 წუთზე გაიხსნა, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს გიორგი გველესიანმა ზუსტი თავურით უპასუხა და დედაქალაქელები დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ „დინამო“ ფლობდა, თუმცა გორელებიც ცდილობდნენ მწვავედ შეეტიათ მეტოქისთვის. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას დინამოელები ირაკლი მოდებაძეზე დაჯარიმდნენ, საჯარიმო დარტყმა ბრწყნივალედ შეასრულა ექსდინამოელმა ოთარ ხიზანეიშვილმა  და 42-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად, გორელთა უპირატესობით განახლდა, მაგრამ თბილისელებმა კვლავ მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. ისინი აქტიურად უტევდნენ მეტოქეს, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა მატჩის ბოლო წუთები, როდესაც დინამოელებმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა მატჩი ფრედ, 1-1 დარულდა.