სიახლეები

ამხანაგური მატჩი: საქართველო - ლატვია პეტარ სეგ

გაუზიარე

ხვალ, 25 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თბილისში, ”ამერის” სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს. დღეს სფფ-ში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პეტარ სეგრტის პრესკონფერენცია გაიმართა.



* * *



პეტარ სეგრტი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:



...ვფიქრობ, ხვალ ცოტა უჩვეულო თამაში იქნება. თუ რატომ, ახლავე გეტყვით: ახალგაზრდული ნაკრების 9 ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. იმ შემადგენლობიდან, რომლითაც რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მოვუგეთ, 7 მოთამაშე დაგვაკლდება!



...მეორე მხრივ, მე გაგებით ვხვდები კლაუს ტოპმიოლერის გადაწყვეტილებას და გარკვეულწიად კარგიცაა, რომ ეროვნული ნაკრების ძლიერი მოთამაშეების შემცვლელად მწვრთნელს ახალგაზრდული ნაკრების წევრები მიაჩნია. სიმართლე გითხრათ, მეამაყება კიდეც, რომ ჩემი გუნდიდან ეროვნულში ამდენი ფეხბურთელია მიწვეული.



...ჩემს გუნდში შვიდი ახალი ფეხბურთელია, არიან მოთამაშეები მეორე ლიგიდან, ამავდროულად, ჩემთან არიან 17-წლამდელთა ნაკრების ორი ფეხბურთელი, 19-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრი. სამწუხაროა ის, რომ რამდენიმე ფეხბურთელს მაღალი სიცხე აქვს და რამდენიმე მოთამაშე უკვე გავათავისუფლეთ შეკრებიდან: ალექსი ბენაშვილი, ირაკლი შეყილაძე, შოთა გრიგალაშვილი... დაგვაკლდება მათე ღვინიანიძეც, რომელიც ტრავმირებულია. მირზა ბჟალავა დღეს დილით ჩამოვიდა ავსტრიიდან და ჩვენ ხვალ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა ის ლატვიელების წინააღმდეგ.



...რთული თამაში იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ ამდენი ფეხბურთელი გვაკლდება. მეორე მხრივ, წამყვანი მოთამაშეების სხვადასხვა მიზეზთა გამო არყოფნა ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის თავის გამოჩენის კარგი შანსია. თუნდაც იგივე დევდარიანი, რომელიც ხვალ პირველად ითამაშებს, მჯერა თავს გამოიჩენს. იგივე შემიძლია გითხრათ დინამოელ ვაწაძეზე, რომელიც ახალგაზრდაა, მაგრამ დღესდრეობით ძალიან კარგ ფორმაშია. მას გუშინ არ უვარჯიშია - ჩემპიონატში ჰქონდა თამაში და გადაღლილი იყო. ნაკრებში ვუხმე ხაჭიპერიძეს - ჭიათურის ”მაღაროელის” თავდამსხმელს, რომელმაც მეორე ლიგაში 16 გოლი გაიტანა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ გუშინ საკმაოდ ნერვიულობდა. მასთან გასაუბრებაც მოგვიხდა. ასევე გუნდშია ”გაგრის” წევრი ზაზა ქაჯაია - ის ძალიან კარგადაა მომზადებული ფიზიკურად, მაგრამ სამწუხაროდ, ისიც ძალიან ნერვიულობდა. იმედია, ხვალინდელ მატჩში მათ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა აღარ შეექმნებათ.



...მსურს გითხრათ, რომ ამ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემათ - ოფიციალურ მატჩებამდე საკმაო დროა და ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩავატარებთ.



...ლატვიელებთან მატჩში რამდენი ცვლილების უფლება გვექნება, ამას მალე გადავწყვეტთ. თუ მეტოქე დაგვთანხმდა, ყველა სათადარიგო მოთამაშის გამოყენების უფლება გვექნება, უარის შემთხვევაში კი, როგორც წესია, 3 ცვლილება იქნება დაშვებული.



...ხვალინდელი მატჩი ამხანაგურია, ერთგვარი ტესტია და ამ თამაშს ახალგაზრდული ფეხბურთელების შესამოწმებლად გამოვიყენებთ. საერთო ჯამში შემიძლია გითხრათ, რომ გუნდში განწყობა ძალიან კარგია და ვიმედოვნებ, უშუალოდ მატჩშიც ყველაფერი კარგად იქნება და რაც მთავარია, დადებით შედეგს მივიღებთ.