დღეს მინსკში, სტადიონზე ”ტრაქტორი”, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის უკანასკნელი შესარჩევი შეხვედრა ჩაატარა და პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 0:5 დამარცხდა.
პოლონელებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს: კამილ გლიკმა მე-13 წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, ბოლო 15 წუთში კი საქართველოს ნაკრების კარში ოთხი გოლი გავიდა: 75-ე და 89-ე წუთებზე მაცეი კორზუმმა ჯერ თავური დარტყმით, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ გასულმა გამოიჩინა თავი, 81-ე წუთზე გლიკმა კვლავ თავური დარტყმით მეორე გოლი მიითვალა, 90-ე წუთზე კი მატეუშ ცენტარსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:5.
ქართველთაგან საუკეთესო იყო მეკარე მიხეილ ალავიძე, რომელმაც მეორე ტაიმის საწყის წუთებში სამჯერ გადაარჩინა გუნდი: 51-ე წუთზე პირისპირ გასულ მაცეი რიბუშს აჯობა, ათ წუთში ასევე ერთი-ერთზე დარჩენილ მაცეი ცენტარსკის არ გაატანინა, 64-ე წუთზე კი იმავე რიბუშის ძალიან სახიფათო თავური დარტყმა მოიგერია.
მატჩის უკანასკნელ წუთზე მსაჯმა მირზა ბჟალავა არასპორტული საქციელისთვის გააძევა. ბჟალავამ რუსეთთან შესარჩევი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში უკანასკნელი, მე-5 ადგილი დაიკავა.
ეს მატჩი თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უეფა-მ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე გადატანა ბრძანა.
გაუზიარე