დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე შეხვედრა ჩაატარა: ოთარ გაბელიას გუნდმა ზესტაფონში ჯგუფის ლიდერს, თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს შესანიშნავ სტილში დიდი ანგარიშით სძლია - 4:0.
ქართველმა ახალგაზრდებმა ტაიმებში ორ-ორი გოლი გაიტანეს: თამაშის დაწყებისთანავე, ირაკლი კლიმიაშვილის პასის შემდეგ, ანგარიში გიორგი ივანიშვილმა გახსნა, 35-ე წუთზე კი გიორგი ხიდეშელმა, ლევან ყენიას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება და მეორედ დალაშქრა ვოლქან ბაბაქანის კარი. თამაშის მიწურულს, მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა ლაშა თოთაძემ მესამედ დაამწუხრა სტუმრები, საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე კი, ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი გუგავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წელს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში კიდევ სამ შეხვედრას ჩაატარებს: 9 ოქტომბერს, სტუმრად ირლანდიაში ითამაშებს, 14 ნოემბერს ამავე გუნდს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი შვეიცარიელებს სტუმრად გაეჯიბრება.
ევრო 2011 - შესარჩევი ტურნირი. 9 სექტემბერი, 2009. ზესტაფონი, ”ფოლადი”. 3.000
საქართველო 4:0 თურქეთი
გოლები: 1:0 გ.ივანიშვილი (1), 2:0 გ.ხიდეშელი (35), 3:0 ლ.თოთაძე (80), 4:0 გ.გუგავა (88)
საქართველო: რ.კვასხვაძე, გ.თომაშვილი, ა.სანაია, ჯ.ანანიძე (გ.გუგავა 82), ი.კლიმიაშვილი, გ.ივანიშვილი, ლ.ყენია, მ.ვაწაძე (ლ.თოთაძე 61), თ.შონია (გ.ჯანელიძე 71), გ.ხიდეშელი, ლ.კაკუბავა
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
თურქეთი: ვ.ბაბაქანი, ს.საჰინი, ა.ქარმილი, ს.აზიზი (გ.ვურალი 66), დ.აიუქუთი, ს.ქესიმალი, თ.თორუნი (გ.თიორე 36), ქ.ზექი, მ.პექთემექი, დ.ილმაზი, თ.ქიოსე (ი.ი.გიოქოგლანი 69)
მწვრთნელი: ჰამი მანდირალი
გაფრთხილება: ლ.ყენია, ს.ქესიმალი, ქ.ზექი, დ.ილმაზი, ჯ.ანანიძე
გაძევება: ა.სანაია (56)
მსაჯები: ა.რ.პერესი; რ.ა.ფერნანდესი, მ.ა.მორენო (ესპანეთი)
გაუზიარე