17-24 ოქტომბერს საქართველო 19 წლამდე ასაკის (1989 წელს დაბადებულები) ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლის მატჩებს უმასპინძლებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მეტოქეები ჰოლანდიელი, ნორვეგიელი და ლატვიელი თანატოლები იქნებიან. ჰაინც ტოპმიოლერის გუნდი შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე უცხოურ შეკრებას და ტესტ-მატჩებს გამართავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციასთან. ჩვენი 19 წლამდე ნაკრები რუმინეთში 24-26 სექტემბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ადგილობრივ 19 წლამდე ნაკრებთან.
ქართული დელეგაცია ბუქარესტთან ახლოს მდებარე, ქალაქ მოგოშაიაში, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში დაბინავდება და იქვე მდებარე სტადიონზე გამართავს შეხვედრებს.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს და რუმინეთის ნაკრებები წარმატებით იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში და მოიპოვებენ "ელიტ-რაუნდის” საგზურს, 2008 წლის გაზაფხულზე რუმინელები საპასუხო ვიზიტით საქართველოს ესტუმრებიან.
გაუზიარე