სიახლეები

საქართველო 3:1 აზერბაიჯანი სამი გოლი და პირველი

გაუზიარე

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, ”ამერის” სტადიონზე აზერბაიჯანელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.



მატჩი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და ჰაინც ტოპმიოლერის გუნდმა უკვე მე-11 წუთისთვის ორი ბურთით დაწინაურება შეძლო: მე-4 წუთზე თემურ შონიამ მეტოქის კართან შექმნილი არეულობით ისარგებლა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი, მე-11 წუთზე კი ვახტანგ ფანცხავამ მცველებს აჯობა და საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით ოსმან უმაროვის კარში გადაგზავნა - 2:0.



აზერბაიჯანელებმა შესვენებამდე ერთი გოლის გატანა მოახერხეს: მირსუიზ ქავადოვმა მეურვეს აჯობა და გიორგი მაკარიძის კარი დალაშქრა - 2:1.



მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა: შეხვედრის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლევან ყენიამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი ყველას დაასწრო რევაზ ღვინიაშვილმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.



აღსანიშნავია, რომ შეხვედრის უმეტესი ნაწილი სტუმრებმა 10 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩაატარეს: მაქსიმ მედვედევი მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა მე-16 წუთზე მეორედ გააფრთხილა და მოედანი დაატოვებინა.



პირველი ტაიმის 28-ე წუთზე ხელის მძიმე ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ - უწყინარ სიტუაციაში უხერხულად დავარდა და მაჯა მოიტეხა. ის აზერბაიჯანის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებს მეორედ ზეგ, 17 აგვისტოს დაუპირისპირდება.



ჰაინც ტოპმიოლერი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: ”ძალიან გახარებული ვარ - მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, გამარჯვება შევძელით. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით დაგვიპირისპირდა. ასეთ ამხანაგურ შეხვედრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: აზერბაიჯანელებთან და რუმინელებთან მომავალი ამხანაგური მატჩები ოფიციალური შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადებაში ძალიან დაგვეხმარება.”



* * *



ამხანაგური მატჩი. 15 აგვისტო, 2007. თბილისი, ”ამერი”. 250

საქართველო 3:1 აზერბაიჯანი

გოლები: 1:0 თ.შონია (4), 2:0 ვ.ფანცხავა (11), 2:1 მ.ქავადოვი (35), 3:1 რ.ღვინიაშვილი (67)

საქართველო: გ.მაკარიძე (ი.დგებუაძე 46), რ.ღვინიაშვილი, ვ.ქვრივიშვილი, ჯ.გაბუნია, ლ.ცუცქირიძე (ვ.ვაჩიბერაძე 69), თ.შონია, ნ.მაისურაძე, გ.ჯოხაძე, ლ.ყენია (კაპ) (რ.წულაძე 81), ვ.ფანცხავა (მ.ხოკერაშვილი 40), დ.თარგამაძე (ზ.ბეგლარიშვილი 28)

მწვრთნელი: ჰაინც ტოპმიოლერი

აზერბაიჯანი: ო.უმაროვი (ე.სადიგოვი 80), ე.ქაბრაილოვი (ფ.ვაჰაბზადე 78), თ.ნარიმანოვი (კაპ), ქ.მამადოვი (ბ.ქარიმოვი 46), შ.რახიმოვი (ე.შიკიევი 85), მ.მედვედევი, მ.ქავადოვი (ე.ალმამადოვი 46), ე.ჰაჩიევი (ე.მუსტაფაევი 46), რ.ალიევი, ე.ქულიევი (ე.აჰმადოვი 46, ტ.ბაირამლი 76), ბ.სოლთანოვი (ფ.ჰარვერდიევი 76)

მწვრთნელი: არიფ ასადოვი

გაფრთხილება: მ.მედვედევი, მ.მედვედევი, თ.ნარიმანოვი, ე.სადიგოვი, ლ.ყენია

გაძევება: მ.მედვედევი (16)

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი; ლ.თოდრია, ზ.ფიფია