დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი შეხვედრა ჩაატარა ჰოლანდიის ნაკრებთან და 1:2 დამარცხდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა: შეხვედრის მეტი წილი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა თამაშის მიწურულს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები 10 ფეხბურთელით დარჩა, ჰოლანდიელები გააქტიურდნენ და მატჩის მოგებაც შეძლეს.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა: დავით თარგამაძემ მეკარისაგან შორეულ კუთხეში შეაგდო. ეს მე-17 წუთზე მოხდა.
63-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ათი მოთამაშით დარჩა - უნგრელმა არბიტრმა იშტვან ვადმა ნიკოლოზ მაისურაძე უხეშობისთვის გააძევა.
82-ე წუთზე ჰოლანდიელებმა ანგარიში გაათანაბრეს - კაპიტანმა მარკო დე იონგმა, კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით დალაშქრა როინ კვასხვაძის კარი - 1:1.
89-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მარკო მატიჩმა თანაგუნდელთა შეტევა გოლით დააგვირგვინა - 1:2.
”ჩემი გუნდის მოქმედებით კმაყოფილი ვარ, თუმცა შედეგით - არა. დარწმუნებული ვარ, მატჩის მიწურული ათი ფეხბურთელით რომ არ ჩაგვეტარებინა, ამ შეხვედრას არ წავაგებდით. დღეს ჩემს გუნდში ორმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა - მეკარემ, როინ კვასხვაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩინებული რეაქცია აქვს - მან არაერთ მომენტში გვიხსნა და მცველმა ამირან სანაიამ, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა,” - განაცხადა საქართველოს ნაკრების თავკაცმა ჰაინც ტოპმიოლერმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც დღეს 12 საათზე შედგა რუსთავში, სტადიონ ”ფოლადზე”, ნორვეგიის ნაკრებმა 2:0 დაამარცხა ლატვია. მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები სწორედ ნორვეგიასთან ჩაატარებს 20 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. თამაში 15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, 12 საათზე, ჰოლანდიელები ბოლნისში, თემურ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ლატვიელებს დაუპირისპირდებიან.
* * *
ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევი ტურნირი. 18 ოქტომბერი, 2007. თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 500
საქართველო 1:2 ჰოლანდია
გოლები: 1:0 დ.თარგამაძე (12), 1:1 ს.დე იონგი (83), 1:2 მ.მატიჩი (86)
საქართველო: რ.კვასხვაძე, ვ.ვაჩიბერაძე, ჯ.გაბუნია, ა.სანაია, მ.დაუშვილი (ი.შეყილაძე 60), ა.ბენაშვილი (კაპ), თ.ჩარგეიშვილი, გ.ივანიშვილი, ზ.ბეგლარიშვილი (ლ.ყენია 80), თ.თარხნიშვილი (ნ.მაისურაძე 23), დ.თარგამაძე
მწვრთნელი: ჰაინც ტოპმიოლერი
ჰოლანდია: ე.მულდერი, ე.ჰორსტენი, ჟ.ლიმა, ბ.მაგუაირი, ო.ტერ ჰორსტი, დ.ბლინდი (ჯ.ვიინალდუმი 62), ს.დე იონგი (კაპ), მ.მატიჩი, ჰ.ჰაგარი (ჯ.ზეფუიკი 62), ჟ.რიმერინკი, ვ.ვან დერ ბერგი (ქს.ჰუუტკოოპი 78)
მწვრთნელი: ვ.ვან ცვამი
გაფრთხილება: ა.ბენაშვილი, რ.კვასხვაძე, მ.დაუშვილი, თ.ჩარგეიშვილი, ჯ.გაბუნია
გაძევება: ნ.მაისურაძე (61)
მსაჯები: ი.ვადი (უნგრეთი); ვ.ტოტი (უნგრეთი), მ.კიროვსკი (მაკედონია); ა.სტავრევი (მაკედონია)
* * *
ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევი ტურნირი. 18 ოქტომბერი, 2007. რუსთავი, ”ფოლადი”. 100
ნორვეგია 2:0 ლატვია
გოლები: 1:0 ა.ხალილი (18), 2:0 პ.ე.ფლო (34, პენ)
ნორვეგია: ლ.სტუბჰაუგი, ე.ჰოფლანდი, პ.ე.ფლო (კაპ), ა.ური, მ.ბოლდტი, მ.ელვესტადი, ფ.კარლსენი, ტ.კ.ბენდიკსენი (პ.ო.ლარსენი 72), ი.ს.აასი, ტ.ჰოილანდი (ა.უ.ანდერსენი 85), ა.ხალილი (ო.კამარა 61)
მწვრთნელი: ტ.ო.სკულერუდი
ლატვია: ე.პორტნოისი, ა.კურაკინსი, ტ.მეში, კ.სეველოვსი, კ.შმილსი, ა.ოსიპოვსი, ა.გრამოვიჩი, ე.კორსაკოვსი (მ.დუბრა 46), დ.ვალეგჟანინსი, კ.პრიედენსი (რ.კალნინში 63), ნ.სიტენკოვსი (რ.აგაფონოვსი 85)
მწვრთნელი: ა.კარპოვსი
გაფრთხილება: ტ.კ.ბენდიკსენი, ა.კურაკინსი, კ.შმილსი
მსაჯები: მ.მიკოლაევსკი (მაკედონია); კ.მურმუსი (პოლონეთი), გ.ყრუაშვილი (საქართველო); დ.ხარიტონაშვილი (საქართველო)
გაუზიარე