დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ მოგოშაიაში, რუმინეთის ნაკრებთა ტექნიკურ ცენტრში პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა მასპინძლებთან და 0:2 დამარცხდა.
მატჩი რუმინელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა რიგ მომენტებში ჰაინც ტოპმიოლერის გუნდმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, მეტწილად, ლევან ყენიას აქტიური თამაშის წყალობით.
მასპინძლებმა ტაიმებში თითო გოლი გაიტანეს: მე-15 წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ პეტერ პაუმ თავური დარტყმით დალაშქრა გიორგი მაკარიძის კარი, 77-ე წუთზე კი ვლადიუ ალექსიმ უძლიერესი დარტყმით გააორმაგა რუმინეთის ნაკრების უპირატესობა.
”ფეხბურთელების მოქმედებით უკმაყოფილო ვარ. ამხანაგური მატჩი ოფიციალური შეხვედრებისთვის სათანადოდ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა შედეგსაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მომდევნო მატჩში აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ,” - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ჰაინც ტოპმიოლერმა.
მეორე ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს კვლავ მოგოშაიაში ჩაატარებს.
* * *
ამხანაგური მატჩი. 24 სექტემბერი, 2007. რუმინეთი, მოგოშაია, ტექნიკური ცენტრი. 50
რუმინეთი 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 პ.პაუ (15), 2:0 ვ.ალექსი (77)
საქართველო: გ.მაკარიძე, თ.შონია, ჯ.გაბუნია, ვ.ქვრივიშვილი, ა.სანაია (გ.გავაშელიშვილი 65), მ.დაუშვილი, თ.ჩარგეიშვილი (გ.ხუმარაშვილი 75), რ.ღვინიაშვილი, დ.თარგამაძე, ლ.ყენია, გ.ივანიშვილი (ლ.ბლაგიძე 46)
მწვრთნელი: ჰ.ტოპმიოლერი (გერმანია)
მსაჯი: ო.გონეა (რუმინეთი)
გაუზიარე