სიახლეები

ამხანაგური მატჩი რუმინეთი 1:3 საქართველო

გაუზიარე

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ მოგოშაიაში, რუმინეთის ნაკრებთა ტექნიკურ ცენტრში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა მასპინძლებთან და 3:1 გაიმარჯვა. ხაზგასასმელია, რომ რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრები შინ პირველად სწორედ საქართველოს ნაკრებთან დამარცხდა.



შეხვედრის პირველი ტაიმი რუმინელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, რომელთაც 24-ე წუთზე გახსნეს კიდეც ანგარიში: ფლორინ კოსტეამ დაარტყა ზუსტად.



შესვენების შემდეგ ჰაინც ტოპმიოლერის გუნდმა ძალიან ძლიერად ითამაშა, ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და სამი უპასუხო გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში:



56-ე წუთზე ივანიშვილის ჩინებული გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ბლაგიძემ გაათანაბრა ანგარიში - 1:1.



მე-80 წუთზე ჩარგეიშვილმა საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და მასპინძელთა კარის ”ცხრიანში” ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:1.



90-ე წუთზე თარგამაძემ ასევე საჯარიმოს გარედან დაარტყა და კვლავ ულამაზესი გოლი გაიტანა - 3:1.



”მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ისეთი თამაში აჩვენა, რომელიც ამ ასაკის ლიდერებს ხელეწიფებათ - ბიჭებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს, მწვრთნელის დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. სიმართლე გითხრათ, მათგან ასეთ ძლიერ, კარგ და ლამაზ თამაშს ნამდვილად არ ველოდი,” - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მყოფმა კლაუს ტოპმიოლერმა.



”დღევანდელ მატჩში, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში, ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა, რაც იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ მიუხედავად ძლიერი მეტოქეებისა, ჩვენ შევძლებთ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზურის მოპოვებას და თუ ასე ვითამაშებთ მომავალშიც, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზეც ვიასპარეზებთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა (ბენაშვილი, მჭედლიძე, ფანცხავა) და არაერთმა მოთამაშემ თანაგუნდელები სწორედ რუმინეთში გაიცნო, გუნდმა ერთიანი თამაში აჩვენა, რაც იქცა კიდეც გამარჯვების წინაპირობად. ამ მოგებამ გუნდში ჩინებული ატმოსფერო შექმნა და ახლა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს ამაღლებულ განწყობაზე ვხვდებით,” - ჰაინც ტოპმიოლერი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.



შეგახსენებთ, რომ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევ ტურნირს 17-24 ოქტომბერს საქართველო უმასპინძლებს. ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ჩვენი გუნდის მხარდამხარ ჰოლანდიის, ნორვეგიის და ლატვიის 19-წლამდელთა ნაკრებები იბრძოლებენ.



* * *



ამხანაგური მატჩი. 26 სექტემბერი, 2007. რუმინეთი, მოგოშაია, ტექნიკური ცენტრი. 50

რუმინეთი 1:3 საქართველო

გოლები: 1:0 ფ.კოსტეა (24), 1:1 ლ.ბლაგიძე (56), 1:2 თ.ჩარგეიშვილი (80), 1:3 დ.თარგამაძე (90)

საქართველო: რ.კვასხვაძე, მ.დაუშვილი, ა.სანაია, ჯ.გაბუნია, თ.შონია (გ.გავაშელიშვილი 87), თ.ჩარგეიშვილი, რ.ღვინიაშვილი (ლ.ბლაგიძე 46), დ.თარგამაძე, ლ.ყენია (კაპ) (ვ.ქვრივიშვილი 89), გ.ივანიშვილი

მწვრთნელი: ჰ.ტოპმიოლერი (გერმანია)

გაფრთხილება: ლ.ყენია

მსაჯი: დ.პანდურუ (რუმინეთი)