სიახლეები

ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანი 0:0 საქართველო

გაუზიარე

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მასპინძელთა 19-წლამდელთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. 10 ოქტომბერს ამ გუნდების მეორე ამხანაგური თამაში გაიმართება.



მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - ზაურ სვანაძის გუნდმა პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ტაიმის შუაწელიდან შეხვედრის ბოლომდე მასპინძლებს აჯობა, გოლიც გაიტანა, თუმცა აზერბაიჯანელმა არბიტრმა ფარვუდ იბრაჰიმოვმა, თანამსაჯზე დაყრდნობით, არარსებული თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. გოლი 83-ე წუთზე გაიტანა ”ვიტ ჯორჯიას” თავდამსხმელმა მიხეილ როსტიაშვილმა.



გატანილი გოლის გარდა ქართველ ჭაბუკებს კიდევ შეეძლოთ მასპინძელთა კარის დალაშქვრა, თუმცა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს ნიკოლოზ ჯიშკარიანმა, ზვიად ქანთარიამ და გიორგი თექთუმანიძემ.



”მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მოგება ვერ შევძელით, დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ - ბიჭებმა კარგად შეასრულეს დავალებები, თავი არ დაზოგეს და ბოლომდე იბრძოლეს. არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და ვიმედოვნებ, მეორე მატჩში გოლების გატანასაც მოვახერხებთ,” - განაცხადა ზაურ სვანაძემ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.



* * *



ამხანაგური მატჩი. 8 ოქტომბერი, 2008. აზერბაიჯანი, სუმგაითი. 200

აზერბაიჯანი 0:0 საქართველო

საქართველო: გ.მაკარიძე, გ.მინდორაშვილი, გ.გეთიაშვილი, გ.კაჭკაჭიშვილი, ი.გამრეკლიძე, ი.ხუციძე, თ.თარხნიშვილი, თ.შონია, ნ.ჯიშკარიანი (გ.სარაჯიშვილი 88), გ.თექთუმანიძე (მ.როსტიაშვილი 75), ზ.ქანთარია

მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

გაფრთხილება: ი.გამრეკლიძე

მსაჯი: ფ.იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი)