დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მასპინძელთა 19-წლამდელთა ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ზაურ სვანაძის გუნდმა ამჯერად მეტოქის დამარცხება მოახერხა - 2:1 ქართველი ჭაბუკების სასარგებლოდ.
სამივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა. 53-ე წუთზე თემურ შონიამ საჯარიმოს მისადგომებიდან წამოიწყო შეტევა, რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში, 72-ე წუთზე კი ზვიად ქანთარია სწრაფად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და უძლიერესი დარტყმით გააორმაგა უპირატესობა. მასპინძლებმა 83-ე წუთზე გაიტანეს ერთი საპასუხო გოლი - გიორგი მაკარიძის კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ბურთი ცოცხალ კედელში ჩამდგარმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა აისხლიტა და რიკოშეტით შევარდა კარში - 1:2.
საგულისხმოა, რომ 65-ე წუთიდან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 10 ფეხბურთელით თამაშობდა - მსაჯმა ორჯერ გააფრთხილა მიხეილ როსტიაშვილი. აღსანიშნავია აზერბაიჯანელ ფეხბურთელთა უხეში თამაში, რასაც ადგილობრივი არბიტრი ხშირ შემთხვევაში რეაგირების გარეშე ტოვებდა.
”დღეს ბიჭებმა უკეთ ითამაშეს, ვიდრე ორი დღის წინ. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ - ჩემი გუნდი მოგებას უდავოდ იმსახურებდა. ყველამ კარგად ითამაშა და კარგია, რომ ოფიციალური შეხვედრების წინ უცხოეთში შეკრება მოგებით დავასრულეთ,” - განაცხადა ზაურ სვანაძემ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ მისი გუნდი ნოემბრის მიწურულს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს ჩაატარებს კვიპროსში. ქართველი 19-წლამდელები მასპინძელთა გარდა დანიელ და ჩეხ თანატოლებს გაეჯიბრებიან.
* * *
ამხანაგური მატჩი. 10 ოქტომბერი, 2008. აზერბაიჯანი, სუმგაითი. 200
აზერბაიჯანი 1:2 საქართველო
გოლები: 0:1 თ.შონია (53), 0:2 ზ.ქანთარია (72)
საქართველო: გ.მაკარიძე, გ.სარაჯიშვილი, გ.გეთიაშვილი, გ.კაჭკაჭიშვილი, ი.გამრეკლიძე, ვ.ნემსაძე (ნ.ჯიშკარიანი 68), თ.თარხნიშვილი, თ.შონია, ი.ხუციძე (გ.თექთუმანიძე 87), მ.როსტიაშვილი, ზ.ქანთარია (მ.ხოკერაშვილი 85)
მწვრთნელი: ზაურ სვანაძე
გაფრთხილება: მ.როსტიაშვილი
გაძევება: მ.როსტიაშვილი (65)
მსაჯი: მ.ავერდიევი (აზერბაიჯანი)
გაუზიარე