საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა - ზაურ სვანაძის გუნდის და დანიის ნაკრების დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.
თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მოიგო კიდეც: მე-4 წუთზე ლევან კაკუბავამ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, 29-ე წუთზე კი კაკუბავას პასით ზვიად ქანთარიამ ორ ბურთამდე გაზარდა უპირატესობა.
დაწინაურების შემდეგ კვლავ საქართველოს ნაკრები აქტიურობდა, თუმცა დანიელებმა ორი გოლი მაინც გაიტანეს: ბოისენმა და პედერსენმა მეკარისა და დაცვის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლეს - 2:2.
”გაოცებული ვარ, როგორ ვერ მოვიგეთ. ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა და გული მწყდება, რომ გამარჯვება ხელიდან გავუშვით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომდევნო მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ,” - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ.
მომდევნო ოფიციალურ მატჩს ჩვენი გუნდი 24 ნოემბერს ჩაატარებს ქალაქ ფამაგუსტაში, სტადიონზე ”ეთნიკოს ახნასი” მასპინძელ კვიპროსის ნაკრებთან. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაშიც ფრე დაფიქსირდა: კვიპროსი - ჩეხეთი 1:1.
გაუზიარე