გაზეთ "ლელოს” დღევანდელ ნომერში ფეხბურთის 17 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჰერბერტ ცანკერის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
* * *
რამდენიმე დღის წინათ, 17 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ჰერბერტ ცანკერმა, ტექნიკურ ცენტრ "ბასაში” 16 წლამდე ასაკის 18 ჭაბუკი შეკრიბა და რამდენიმე დღის განმავლობაში ავარჯიშა. დღეს, გამთენიისას ცანკერი და მისი გუნდი რუსეთს გაემგზავრნენ. ხვალ, 27 ივლისს და კვირას, 29 ივლისს, ჩვენი ჭაბუკები რუს თანატოლებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.ჰერბერტ ცანკერმა თადარიგი დაიჭირა და ახლავე დაიწყო იმ გუნდის მზადება, რომელიც გაისად შემოდგომაზე ჩაერთვება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.
ეს გუნდი გაისად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. თუმცა თადარიგი დავიჭირეთ და ამ კრებულის მზადებას უკვე შევუდექით. ამჯერად 1992-93 წლებში დაბადებულებიდან უნდა შევქმნათ ძლიერი გუნდი და ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. "ტალანტების მოძიების” პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ასეული ჭაბუკი შევარჩიეთ. მათგან 400 გამოვარჩიეთ, საიდანაც ნაღები 40 მოთამაშე შევიგულეთ. რუსეთში ამხანაგური მატჩებისთვის მხოლოდ 18 ფეხბურთელის წაყვანის უფლება გვაქვს და 40-დან 18 მოთამაშე ავარჩიეთ. საერთოდ კი 1992-93 წლებში დაბადებულთა მთავარი შემოწმება შემოდგომიდან დაიწყება.
ეს 18 ფეხბურთელი იმ 40-დან საუკეთესოა, თუ ნარევია?
ეს ისეთი ასაკია, რომ ყოველ სამ თვეშია შესაძლებელი მოთამაშეთა დონის შეცვლა - ზოგი შესაძლოა უფრო განვითარდეს, ზოგი კი პირიქით, ერთ დონეზე გაჩერდეს ან მოუკლოს. სწორედ ამიტომ, ამ თაობაზე მუდმივი დაკვირვება გვმართებს. ამჯერად ყველა გამორჩეული კი არა, შერეული კონტინგენტი შევარჩიეთ.
ამ თვრამეტეულში მხოლოდ ერთი ლეგიონერია. იმ 40 მოთამაშეში სხვა ლეგიონერიც ხომ არაა?
არა, ჯერჯერობით ამ ორმოცეულში მხოლოდ ჯანიკო ანანიძეა ლეგიონერი, რომელიც კიევის "დინამოს” ჭაბუკთა გუნდში თამაშობს და არაერთი კარგი თვისებებით გამოირჩევა.
რუსეთთან ამხანაგური მატჩები რა მიზანს ემსახურება?
პირველ რიგში, მოთამაშეეები საერთაშორისო დონეზე გამოცდილებას შეიძენენ. გარდა ამისა, ამ ჭაბუკებს ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გამოვცდით. ამჯერად ერთი წლით ადრე დავიწყეთ ახალი გუნდის შენება…
ახალ გუნდსაც იმ ტაქტიკით ათამაშებთ, როგორც ეროვნული ნაკრები ასპარეზობს?
ჩვენ სამი ტაქტიკური ვარიანტი გვაქვს დამუშავებული. ძირითადი 4-2-3-1 ტაქტიკაა. თუმცა არ ვივიწყებთ 4-1-4-1 სქემასაც. ამ ასაკში ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჭაბუკებმა ტაქტიკური განათლება მიიღონ და სხვადასხვა პოზიციაზე თამაშს მიეჩვიონ. რუსეთთან ამხანაგურ მატჩებს ამ მიზნებისთვის გამოვიყენებთ.
ეს თაობა უკეთესია, თუ წინა თაობა, რომელიც ამ შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს?
ყველა ასაკსა და თაობას თავისი გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენი მიზანია ამ თაობის გამორჩეული მოთამაშეებისგან ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ.
მეტოქეზე რა იცით?
ეს გუნდი სამი ძლიერი კლუბის, მოსკოვის "სპარტაკის”, "სატურნისა” და ცსკა-ს ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მეტოქე ძლიერია და საინტერესო. დაძაბული მატჩები გველის, რაც გუნდის შენების პროცესში აშკარად წაგვადგება.
საქართველო-რუსეთს შორის, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური სიამტკბილობა ნამდვილად არაა. ეს რაიმეში ხელს ხომ არ შეგიშლით?
რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში რა პრობლემებიცაა, ყველაფერი კარგად ვიცი. თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მატჩებისთვის თავად რუსეთმა მიგვიწვია, რისთვისაც რუსეთის საფეხბურთო კავშირის მადლობლები ვართ. სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველოს წარმოვადგენთ და ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ასე იქნება რუსეთშიც.
დავით ცაბაძე
გაზეთი "ლელო”, 2007 წლის 26 ივლისი
გაუზიარე