სიახლეები

საქართველოს ნაკრები გაზეთი ”სარბიელი”: ინტერვიუ

გაუზიარე

გაზეთ ”სარბიელის” დღევანდელ ნომერში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჰერბერტ ცანკერთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. გერმანელი სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებასა და პალანგაში ახლახანს დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე საუბრობს.



* * *



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს სექტემბერში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი ელის, რომელიც ბულგარეთში გაიმართება. მასპინძელთა და ქართველთა გარდა, იქ უნგრეთი და ხორვატიაც ითამაშებენ, ჯგუფიდან კი ორი საუკეთესო გავა შემდეგ შესარჩევ ეტაპზე. საბულგარეთო მზადებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ტურნირი პალანგაში იყო, სადაც ჰერბერტ ცანკერის გაწვრთნილმა ქართველმა ჭაბუკებმა შვიდ გუნდში მეხუთე ადგილი დაიკავეს. გერმანელი მწვრთნელი შედეგით რომ უკმაყოფილო დარჩებოდა, ეს ცხადია, თუმცა... მას პალანგასა და ბულგარეთამდე დარჩენილ მოსამზადებელ პერიოდზე ვკითხეთ...





პალანგის ტურნირი საშინლად დაიწყეთ...

სტარტი მართლაც ძალიან უხეირო იყო და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. პალანგის რეისზე აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა და უკან დაბრუნება მოგვიხდა. სხვა თვითმფრინავში გადაგვსხეს და სასტუმროში გვიან დავბინავდით. დაძაბულმა და ნანერვიულებმა ბიჭებმა ნორმალური დასვენება ვერ მოასწრეს. მეორე დღეს აზერბაიჯანთან პირველივე მატჩი 0:2 წავაგეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეტოქე იყო ძლიერი, ჩვენ ვითამაშედ სუსტად. რუსეთის წინააღმდეგ სულ სხვა თამაში იყო. მთელი პირველი ტაიმი ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, რუსები უხეშობდნენ და ერთი მოთამაშეც გაუძევეს, თუმცა ჩვენები ოდნავ მოდუნდნენ და ტაიმის ბოლოს პირველი გოლიც მივიღეთ. გატანა მალევე კი შევძელით, მაგრამ თანამსაჯმა გოლი არ ჩათვალა, თამაშგარე იყოო. საერთო ჯამში, წაგების მიუხედავად რუსებთან თამაშით უკმაყოფილო არ დავრჩი, თუმცა შედეგი 0:4, რა თქმა უნდა, მწარე იყო. ამ მატჩისას უკეთ დავინახე ჩვენს თავდასხმასა და დაცვას შორის არსებული პრობლემები, რამდენიმე მოთამაშე შევცვალე კიდეც და მესამე და მეოთხე შეხვედრები მოვიგეთ, თუმცა პალანგიდან სასურველი შედეგით ვერ დავბრუნდით.



რა გაფიქრებინათ, რა მოგცათ ამ ტურნირმა?

ეს ტურნირი დიდი რეპეტიცია იყო ევროშესარჩევი მატჩებისთვის. საშუალება მოგვეცა, გაგვერკვია, რა დატვირთვას გაუძლებდნენ ბიჭები. მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მიეცათ. პირველ წუთებში მობილიზება ნამდვილად გვიჭირს, რითაც მეტოქეს უპირატესობას ვაძლევთ, ეს კი აუცილებლად გამოსასწორებელია და აღარ უნდა განმეორდეს.



სელექცია უკვე დაასრულეთ?

თერთმეტი ფეხბურთელი უკვე შერჩეულია. მომავალ კვირაში დანარჩენებსაც დავასახელებთ. ამ მიზნით, 18 კანდიდატს საწვრთნელ მატჩებს ვათამაშებთ და ამის მიხედვით შევავსებთ სიას.



კიევის ”დინამოს” ჭაბუკთა გუნდში მოთამაშე ჯანიკო ანანიძეზე რას იტყვით, რამდენად პერსპექტიულია?

ტურნირამდე ტრავმა ახალმოშუშებული ჰქონდა, იქაც დაშავდა და ამიტომ ვერ შეძლო იმის ჩვენება, რაც შეუძლია. ის მართლაც პერსპექტიული ბიჭია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. მხოლოდ 15 წლისაა, მისი ემოციურობაც მსაჯთა საეჭვო გადაწვეტილებებისას სწორედ ამით აიხსნება. ეს გამოსწორდება, რადგან გამოცდილებასთან ერთად თავშეკავებაც მოვა. მან კი სტაბილურად თამაში უნდა დაისახოს მიზნად.



შესარჩევ ტურნირამდე რა გეგმები გაქვთ?

ამ შაბათ-კვირას საფეხბურთო სკოლებში წვრთნებს და თამაშებს დავესწრებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კანდიდატები სწორად შევარჩიეთ. გუნდის სრულად დაკომპლექტების შემდეგ 7-დან 13 სექტემბრამდე ურეკში გვექნება შეკრება, სადაც 3 ტესტ-მატჩს ჩავატარებთ. 16-ში კი პორტუგალიაში გავემგზავრებით და ამ ქვეყნის 17-წლამდელებთან 2 ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. იქიდან კი ბულგარეთში წავალთ, სადაც 24 სექტემბერს ხორვატებთან გვექნება პირველი მატჩი. იმავე დღეს უნგრეთი ბულგარეთს ერთამაშება და ამ მატჩის ვიდეოგადაღებასაც ვგეგმავთ. ასე რომ, შანსი გვექნება, ორივე მეტოქეს კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ. მე უკვე ვნახე ხორვატთა და უნგრელთა ორ-ორი შეხვედრა. ბულგარელებს ბოლოს ვხვდებით და მათი შესწავლისთვის საკმაო დრო გვექნება. სამივე მეტოქე საკმაოდ უხეშად თამაშობს. ბიჭებმა უნდა შეძლონ და ამ წნეხს გაუძლონ. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ მომდევნო ეტაპზე გასვლაა.



ნინო სილაგაძე

გაზეთი ”სარბიელი”. 2007 წლის 30 აგვისტო