სიახლეები

პორტუგალია 1:2 საქართველო პირველი ამხანაგური მატ

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ კარტაშოში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.



ქართველ ფეხბურთელთაგან გოლები კაკუშაძემ და რაფავამ გაიტანეს - ორივე მათგანმა თავური დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარი. კაკუშაძემ პირველი ტაიმის უკანასკნელ, ლუკა გუგუჩიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მე-40 წუთზე შეძლო გოლის გატანა და ანგარიში გახსნა, 71-ე წუთზე კი რაფავამ, შეცვლაზე შესული ერეკლე კაჭახიძის ჩინებული და ზუსტი პასის შემდეგ გააორმაგა ჰერბერტ ცანკერის გუნდის უპირატესობა.



თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა: საწყის წუთებში პორტუგალიელები აქტიურობდნენ, თუმცა მოგვიანებით ქართველმა ჭაბუკებმა თამაშის გაკონტროლება შეძლეს. პორტუგალიელებმა ერთადერთი საპასუხო გოლი მსაჯის მიერ დამატებული 5 წუთის მიწურულს გაიტანეს - საჯარიმო გაითამაშეს და შეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულეს. საინტერესოა, რომ მთავარმა არბიტრმა, პორტუგალიელმა ჟორჟ კაპელამ წესების დარღვევა არ დააფიქსირა, თუმცა მასპინძელთ საჯარიმოს შესრულების უფლება თანამსაჯის შენიშვნის შემდეგ მისცა.



საგულისხმოა, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს კიდევ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა 35-ე წუთზე ანანიძემ ბურთი მეკარეს თავზე კი გადაუგდო, მაგრამ მასპინძელთა კარი ხარიხამ იხსნა.



ორ მომენტში ჩინებულად ითამაშა ქართველთა მეკარე თორნიკე ნიორაძემ, რომელმაც პორტუგალიელთა ლიდერ ევანდროს ორჯერ არ გაატანინა. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი ”მანჩესტერ იუნაიტედის” ბავშვთა გუნდში ვარჯიშობს.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ჰერბერტ ცანკერი დღევანდელი თამაშით კმაყოფილი დარჩა: ”ჩემმა ბიჭებმა დავალება ზუსტად შეასრულეს, თავდადებით იბრძოლეს და გაიმარჯვეს. სასიხარულოა, რომ ჩვენ მოვუგეთ სწორედ იმ ნაკრებს, რომელთანაც გაზაფხულზე საერთაშორისო ტურნირზე 0:5 წავაგეთ. ვფიქრობ, პროგრესი აშკარაა, ეს კი, გარკვეულწილად, კლაუს ტოპმიოლერის დამსახურებაცაა, რომლის აქ ჩამოსვლა ბიჭებისთვის დიდი მუხტი და სტიმული იყო. მსურს მადლობა გადავუხადო ეროვნული გუნდის თავკაცს თანადგომისა და დახმარებისთვის. რაც შეეხება მთლიანობაში გუნდს, ვფიქრობ, სწორედ ის შემადგენლობაა შეკრებილი, რომელიც დღესდღეობით უძლიერესია საქართველოში. ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირშიც წარმატებით ვითამაშებთ!”



კლაუს ტოპმიოლერი გუშინ შეუერთდა ნაკრებს და ჰერბერტ ცანკერთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა, რამაც მოთამაშეებზე ძალიან დადებითად იმოქმედა. ეროვნული ნაკრების თავკაცმა 17-წლამდელთა გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გამოყო: ”ძალიან კარგი ბიჭები არიან და სასიამოვნოა მათთან მუშაობა. რაც მთავარია, ისინი სწავლას მოწყურებულნი არიან და სასიხარულოა, რომ დღევანდელ თამაშში ყველა ის მითითება გაითვალისწინეს, რომელზეც მატჩის მე და ჰერბერტ ცანკერი ვესაუბრეთ. გამოვყოფდი მცველებს მირცხულავასა და კაკუშაძეს, რომლებიც იმედია, რამდენიმე წელიწადში ძლიერ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან.”



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებთან მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ზეგ, 20 სექტემბერს ჩაატარებს ქალაქ სანტარემში. მატჩი თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.



დღევანდელ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

თ.ნიორაძე, დ.რიგვავა (კაპ), ბ.მირცხულავა, თ.კაკუშაძე, ზ.რობაქიძე, ლ.გუგუჩია (დ.რაფავა 68), გ.მელიქიშვილი (ნ.შონია 30), გ.გურეშიძე (გ.გორდეზიანი 60), ი.შეყილაძე, ჯ.ანანიძე, ლ.მუმლაძე (ე.კაჭახიძე 50)