დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ სანტარემში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა შესვენების შემდეგ, განსაკუთრებით კი თამაშის მიწურულს, ქართველი ჭაბუკები გააქტიურდნენ, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა გაშვებული გოლის გაქვითვა ვერა და ვერ შეძლეს. პირველ ტაიმში ანანიძეს და ძალამიძეს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ხან თავად სცოდავდნენ, ხანაც მასპინძელთა მეკარე ყოჩაღობდა. შესვენების შემდეგ შეყილაძემ ვერ გამოიყენა საგოლე შანსი, იმავე ანანიძემ ააცილა მცირედით...
ორჯერ ჩინებულად ითამაშა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე თორნიკე ნიორაძემ, რომელმაც სახიფათო დარტყმები მოიგერია, თუმცა ერთ-ერთ მომენტში შეცდა, ბურთი უხეიროდ მოიგერია და მასპინძლებმაც შანსი ხელიდან არ გაუშვეს. მატჩის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა.
დღევანდელ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
თ.ნიორაძე, დ.რიგვავა (კაპ) (გ.პაჭკორია 72), ბ.მირცხულავა, თ.კაკუშაძე, ზ.რობაქიძე (ლ.მუმლაძე 69), დ.რაფავა (ლ.გუგუჩია 41), ნ.შონია (გ.გორდეზიანი 55), გ.გურეშიძე (ე.კაჭახიძე 69), ჯ.ანანიძე, ნ.ძალამიძე, ი.შეყილაძე
დღევანდელ შეხვედრაში არ უთამაშია პირველ ამხანაგურ მატჩში დაშავებულ გიორგი მელიქიშვილს - მართალია მან ფეხის კუნთის ტრავმა მოიშუშა, თუმცა გართულებების თავიდან ასაცილებლად, ექიმებმა მთავარ მწვრთნელს მისი დასვენება ურჩიეს.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში ხვალ გამთენიისას გაემგზავრება ლისაბონი-მიუნხენი-სოფიას ავიარეისით, შემდეგ კი ქალაქ ალბენაში ავტობუსით ჩავა. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ შეხვედრას ჰერბერტ ცანკერის გუნდი 24 სექტემბერს ჩაატარებს ხორვატი თანატოლების წინააღმდეგ.
გაუზიარე