სიახლეები

ევრო 2008-ის შესარჩევი ტურნირი ხორვატია 4:0 საქა

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ალბენაში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი ხორვატ თანატოლებთან 0:4 წააგო.



თამაშის საწყის წუთებში ქართველი ჭაბუკები აქტიურობდნენ: ჰერბერტ ცანკერის გუნდმა პირველ 20 წუთში 6 კუთხური მოაწოდა და არაერთხელ შეაწუხა ხორვატთა მეკარე, თუმცა მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 0:1 წააგო: 25-ე წუთზე ქართველებმა ხორვატთა ჯარიმა კუთხურზე მოიგერიეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ჩვენმა გუნდმა საჯარიმოდან გაიტანა, თუმცა ხორვატებმა კიდევ ერთხელ ჩააწოდეს საჯარიმოში, იქ კი ყველას აჯობა კელიჩმა და ანგარიში გახსნა - 1:0. აღსანიშნავია, რომ კელიჩი ერთი წუთის შესული იყო თამაშში - მან თავისი გუნდის კაპიტანი შეცვალა. რამდენიმე წუთში ნიკა ძალამიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მეტოქის კარის დარაჯის მოტყუება ვეღარ შეძლო.



მეორე ნახევარში ქართველმა ფეხბურთელებმა შეცდომებს უმატეს და სამჯერ დაისაჯნენ:



47-ე წუთზე ბიცვიჩმა დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ქართველთა კაპიტან დათა რიგვავას მოხვდა, კარიდან გამოსულ თორნიკე ნიორაძეს გადაცდა და კარში შევარდა - 2:0.



65-ე წუთზე ხორვატებმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაჰკიდეს ბურთი საჯარიმოში, მეკარის წინ მარტო მდგომმა კაკუშაძემ ბურთი უხეიროდ მოიგერია და კარიდან 2 მეტრში მდგარმა კოკოტმა საქართველოს ნაკრების კარის ბადე მესამედ შეარხია - 3:0.



70-ე წუთზე ხორვატებმა კიდევ ერთი შეტევა დააგვირგვინეს გოლით: უძლიერესად დაარტყეს, ბურთი ძელს მოხვდა, იქიდან ასხლეტილი კი მეკარე ნიორაძეს. ავტოგოლი და 4:0.



საქართველოს ნაკრების თავკაცი ჰერბერტ ცანკერი ფეხბურთელთა მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო იყო და მათ ძალიან მკაცრად ესაუბრა: ”მოთამაშეებით ძალიან, ძალიან უკმაყოფილო ვარ! ეს არ იყო ის საქართველოს ნაკრები, რომელმაც პორტუგალიაში ორივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, განსაკუთრებით კი პირველი მატჩი. ის პორტუგალიის ნაკრები ამ ხორვატიაზე ერთი თავით მაღლა დგას. ბიჭებმა ძალიან უხეში შეცდომები დაუშვეს, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. მომდევნო ორ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები მხოლოდ მოსაგებად გავა მოედანზე და გარწმუნებთ, ყველაფერს გაიღებს გამარჯვებისთვის!”



მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კვლავ ქალაქ ალბენაში ჩაატარებს: 26 სექტემბერს უნგრეთს ეთამაშება.



* * *



ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 24 სექტემბერი, 2007. ბულგარეთი, ალბენა, ”ალბენა”. 100

ხორვატია 4:0 საქართველო

გოლები: 1:0 რ.კელიჩი (25), 2:0 მ.ბიცვიჩი (47), 3:0 ს.კოკოტი (65), 4:0 თ.ნიორაძე (70, სკ)

საქართველო: თ.ნიორაძე, დ.რიგვავა (კაპ), ბ.მირცხულავა, თ.კაკუშაძე (ე.კაჭახიძე 75), ზ.რობაქიძე, ნ.შონია, გ.გურეშიძე (გ.მელიქიშვილი 50), ლ.გუგუჩია (დ.რაფავა 50), ჯ.ანანიძე, ნ.ძალამიძე, ი.შეყილაძე

მწვრთნელი: ჰ.ცანკერი (გერმანია)

გაფრთხილება: ბ.მირცხულავა

მსაჯები: ს-ე.ედვარტსენი (ნორვეგია); კ.ტ.ჰაგლუნდი (ნორვეგია), ვ.მ.დობრიანოვი (ბულგარეთი); ც.გეორგიევი (ბულგარეთი)

მსაჯთა დამკვირვებელი: მ.ნიკოლიჩი (სლოვენია)