სიახლეები

ევრო 2008-ის შესარჩევი ტურნირი უნგრეთი 1:0 საქარ

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ალბენაში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩი უნგრელ თანატოლებთან 0:1 წააგო.


მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ორივე ტაიმში ქართველი ფეხბურთელები აქტიურობდნენ და უნგრელებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა, რასაც თორნიკე ნიორაძის კარში დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა და გოლი მოჰყვა: გუნდის კაპიტანმა დათა რიგვავამ 62-წუთზე წესების დარღვევით შეაჩერა უნგრელთა ფორვარდი იშტვან კოვაჩი, თერთმეტმეტრიანი კი ტიშლერმა გაიტანა.



საქართველოს ნაკრებმა გაშვებულ გოლამდე სამი რეალური საგოლე შანსი ვერ გამოიყენა: ანანიძის დარტყმა ხარიხას მოხვდა, გუგუჩიამ პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა, მუმლაძის დარტყმული კი უნგრელმა მცველებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს.



გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა, თუმცა ორჯერ ძალამიძემ ხელსაყრელ პოზიციაში ვერ ივარგა, გუგუჩიამ კი კვლავ მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს.



საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰერბერტ ცანკერი: ”სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევი ტურნირი უკვე დასრულდა - გუნდმა კვლავ უხეში შეცდომის გამო წააგო. ერთადერთი პოზიტიური ახლა ისაა, რომ ამ ნაკრებში 1992 წელს დაბადებულმა ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა (მირცხულავა, ძალამიძე, ანანიძე, შეყილაძე), გამოცდილება მიიღო და გაისად შესარჩევ მატჩებს დაღვინებული შეხვდება. საქართველოში დაბრუნებისთანავე 1992 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ნაკრების მზადება დაიწყება, სწორედ იმ გუნდისა, რომელმაც ზაფხულში უკვე გაიარა შეკრება რუსეთში და ორი ამხანაგური მატჩიც ითამაშა. 1992 წლიანთა ნაკრები ნოემბერში რუს თანატოლებთან კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, დეკემბერში კი პორტუგალიაში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც ასევე ორი საწვრთნელი მატჩია დაგეგმილი.”



ბოლო შესარჩევ მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კვლავ ქალაქ ალბენაში ჩაატარებს: 29 სექტემბერს ბულგარეთს ეთამაშება.



* * *



ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 26 სექტემბერი, 2007. ბულგარეთი, ალბენა, ”ალბენა”. 100

უნგრეთი 1:0 საქართველო

გოლი: 1:0 პ.ტიშლერი (62, პენ)

საქართველო: თ.ნიორაძე, დ.რიგვავა (კაპ) (დ.რაფავა 65), ბ.მირცხულავა, თ.კაკუშაძე, დ.პაჭკორია, ნ.შონია, ლ.მუმლაძე, ლ.გუგუჩია, ჯ.ანანიძე, ნ.ძალამიძე, ი.შეყილაძე

მწვრთნელი: ჰ.ცანკერი (გერმანია)

გაფრთხილება: დ.რიგვავა

მსაჯები: ს.გოროხოვოდაცკი (ყაზახეთი); ე.ბელსკი (ყაზახეთი), ვ.მ.დობრიანოვი (ბულგარეთი); ც.გეორგიევი (ბულგარეთი)

მსაჯთა დამკვირვებელი: ნ.ლევნიკოვი (რუსეთი)