სიახლეები

გაზეთი ”სარბიელი” ინტერვიუ ჰერბერტ ცანკერთან

გაუზიარე

გაზეთ ”სარბიელის” დღევანდელ ნომერში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჰერბერტ ცანკერთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. გერმანელი სპეციალისტი, რომლის გუნდი დღეს და ზეგ თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს რუს თანატოლებთან, არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.



* * *



დღეს და ზეგ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურად რუს თანატოლებს გაეჯიბრება. ჩვენების მწვრთნელ ჰერბერტ ცანკერს ეროვნული ნაკრების ბაზაზე ვესტუმრეთ, სადაც მისი გუნდი შეკრებას გადის. ბაზაზე იმ დროს მივედით, როცა მთელი გუნდი საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ერთხმად მღეროდა და ეს მართლაც სასიამოვნო სანახავი იყო...





5 და 7 ნოემბერს რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებს ამხანაგურად უმასპინძლებთ. რას ელით ამ შეხვედრებიდან?

ზაფხულში ჩვენ ვიყავით რუსეთში და აღფრთოვანებული დავრჩი მათი მასპინძლობით. მაშინ ერთი თამაში მოვიგეთ, ერთიც წავაგეთ და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დავტოვეთ. ძალიან მიხარია, რომ შანსი გვეძლევა, მათ ჩვენი არანაკლები მასპინძლობა ვუჩვენოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოედანზე ბრძოლას გავუმართავთ.



ამ ამხანაგური თამაშების შემდეგ რა გეგმები გაქვთ?

23 ნოემბერს 1992-1993 წელს დაბადებულთა შერჩევას ვიწყებთ. გასინჯვებს დასავლეთ საქართველოდან ვიწყებთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ მარტისთვის ამ პროცესს დავასრულებთ.



სექტემბერში ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარუმატებლად ითამაშეთ...

ევროშესარჩევის საკვალიფიკაციო წრის წინ პორტუგალიაში გვქონდა ამხანაგური თამაშები. ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. საოცარი ტემპი, ტექნიკა და მაღალი დონე აჩვენეს. არ დაგიმალავთ, ბულგარეთში თავდაჯერებულები წავედით, ვთვლიდით, რომ იმ ეტაპის გავლას შევძლებდით, თუმცა სტარტი არცთუ სახარბიელო ავიღეთ. ხორვატიასთან პირველი მატჩისას ბიჭები ძალიან ნერვიულობდნენ, რაც მეტოქემ სწორად გათვალა და გამოიყენა კიდეც. ხორვატიასთან თამაშმა და შედეგმა იმედი ნამდვილად გამიცრუა. მეორე მატჩი უნგრეთთან გვქონდა. მართალია, გუნდმა თამაში გამოასწორა, მაგრამ... როცა ბურთს ოცდაათი სანტიმეტრი აშორებს კარის ხაზს და მხოლოდ წარტყმა უნდა, ჩვენ თავდამსხმელთაგან ეს ვერავინ მოახერხა. მათი სახეებისა და უმოქმედობის შემხედვარემ, კინაღამ გულის შეტევა მივიღე. უნგრეთს კი ორი შანსი ჰქონდა, რომლიდანაც ერთი - თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და თამაში მოიგო. ბულგარეთთან თამაშით კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად ვითამაშეთ და შედეგიც მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროშესარჩევს გამოვეთიშეთ, ამ ტურნირზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ.



როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ჩვენი გუნდის ასეთი არასტაბილური თამაში, არასაკმარისმა გამოცდილებამ, თუ...

სულ რამდენიმე თვეა, რაც ამ გუნდთან ვმუშაობ. ეს ძალიან ცოტაა, იმ ფონზე, როცა მეტოქე გუნდები თითქმის ორი წელი ერთი შემადგენლობით ვარჯიშობენ და პრაქტიკას იძენენ. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან და სამომავლოდ, როცა ისინი უკვე 17-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებენ, ასეთი დონის ტურნირისთვის მზად იყვნენ.



როგორც ვიცით, თქვენს კონტრაქტს წლის ბოლოს გასდის ვადა. ანუ ეს პასუხი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კონტრაქტს აგრძელებთ და საქართველოში რჩებით?

მე ძალიან მომწონს აქ მუშაობა. ეს ბიჭები ძალიან კარგები არიან. ახლაც გუნდში 5-6 საუკეთესო ფეხბურთელი მყავს. ძალიან დიდი საქმე დავიწყეთ და ნამდვილად მინდა, ჩემი დაწყებული საქმე მევე მივიყვანო ბოლომდე. ფედერაციის აზრს მე ვერ გეტყვით, სჯობს, ბატონ ნოდარ ახალკაცს თქვენ თხოვოთ ამაზე ოფიციალური კომენტარი, თუმცა ის ფაქტი, რომ კლაუს ტოპმიოლერი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად რჩება, ალბათ ნიშნავს, რომ მეც დავრჩები.



ანუ ბატონ ტოპმიოლერზე იყო დამოკიდებული თქვენი დარჩენა? თქვენ ხომ ცალ-ცალკე მოხვედით საქართველოში?

მე პირველი გერმანელი მწვრთნელი ვიყავი, თუმცა ამჟამად ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი ერთი მიზნისთვის - პირველი ნაკრების გაძლიერებისთვის მუშაობს.



მახსოვს, რუსეთიდან დაბრუნებულმა მიამბეთ, რომ ბევრი შეთავაზება გქონდათ. ახლა რა ხდება?

ახლაც მეკითხებიან ამას. დავაზუსტებ, რომ კონკრეტული შემოთავაზება არა, თუმცა ორი გერმანული და ორიც სხვა გუნდი დამიკავშირდა, რათა ჩემი აზრი გაეგოთ. ჩემი სურვილი კი ყველასთვის ნათლად ჩამოვაყალიბე - მე საქართველოში მუშაობა მინდა.



ჭაბუკთა ლიგაზე და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვით?

ჭაბუკთა ლიგის თამაშებს ინტენსიურად ვესწრები, მუდმივად ვესაუბრები მწვრთნელებს, ვაძლევ რჩევებს და რა თქმა უნდა, მათგანაც ვიღებ ბევრ ინფორმაციას. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, მიმაჩნია, რომ ის მთელი ქართული საფეხბურთო სამყაროს უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ ქართველ ფეხბურთელთა სამშობლოში დატოვებას. ყველა საზღვარგარეთ ცდილობს გაქცევას და რა უნდა ქნან ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებმა? თუ ვერ გავლენ ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე, მაშინ არც ფული ექნებათ, არც შესაფერისი სტადიონები და აღარც მოტივაცია.



შოტლანდიასთან თამაშისას ძალიან კარგად ითამაშეს სწორედ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომელთა გვარებიც არაერთხელ გვსმენია პირადად თქვენთან...

ძალიან მიხარია, რომ ყენიას, მჭედლიძისა და მაკარიძის შესახებ პირველად ჩემგან გაიგეს. და არა მარტო ისინი, მე ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი მყავს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ ისინი ქართული ფეხბურთის მომავალნი არიან, თუმცა მაშინ ბევრმა არ დამიჯერა. დღეს კი მათ ჩემი მოსაზრება საქმით დაამტკიცეს.



ნინო სილაგაძე

გაზეთი "სარბიელი”. 2007 წლის 5 ნოემბერი