გუშინ საღამოს, საფრანგეთის ქალაქ კანში 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა შედგა. საქართველო მე-3 შესარჩევ ჯგუფში მოხვდა ჩეხეთის, უნგრეთის და ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებებთან ერთად.
ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის თამაშები 2008 წლის შემოდგომით შედგება, 2009 წლის გაზაფხულზე კი ელიტ-რაუნდის მატჩები გაიმართება. ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას თითო შესარჩევ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს, რომლებსაც თავიანთი ჯგუფის ორი გამარჯვებულთან უკეთესი შედეგი ექნებათ.
17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს 2009 წლის მაისში გერმანია უმასპინძლებს.
გაუზიარე