დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ კასტრო ვერდეში პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებთან. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით დაცვის ხაზმა. გამოსარჩევია ჩვენი გუნდის კაპიტნის, მეკარე გიორგი ნადირაძის და მცველების - ბაქარ მირცხულავას და მინდია ფუტკარაძის ჩინებული თამაში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მასპინძლებს საგოლე მომენტი არ ჰქონიათ.
ანგარიშის გახსნა ქართველ ფეხბურთელებს ორჯერ შეეძლოთ: მე-10 წუთზე ირაკლი შეყილაძე მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა პორტუგალიელთა საჯარიმოში და ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი სულ მცირედით აცდა მასპინძელთა კარს.
77-ე წუთზე, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, მანვე ორი მცველი მოატყუა, თუმცა პორტუგალიელთა მეკარემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი შესანიშნავი ნახტომით მოიგერია. დამატებაზე კონსტანტინე გაბაშვილს მცველებმა აჯობეს.
მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი პეტარ სეგრტიც დაესწრო: ”ქართველმა ჭაბუკებმა ჩინებულად ითამაშეს, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებაა აღსანიშნი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიჭების სახით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძლიერი ფეხბურთელები ეზრდება.”
მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ზეგ, 6 დეკემბერს ჩაატარებს ქალაქ ბეჟაში, სტადიონ ”ფერნანდო მამედზე”. მატჩი თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
* * *
ამხანაგური მატჩი. 4 დეკემბერი, 2007. პორტუგალია, კასტრო ვერდე, ”25 აპრილი”. 100
პორტუგალია 0:0 საქართველო
საქართველო: გ.ნადირაძე (კაპ), ბ.ამაშუკელი, ბ.მირცხულავა, მ.ფუტკარაძე, მ.მამულაძე (ზ.სიხარულია 68), ნ.ძალამიძე (გ.ხარლამოვი 73), გ.ჩელებაძე (ლ.ელიზბარაშვილი 41), ნ.ჯიშკარიანი (ი.გულუა 53), ი.შეყილაძე, გ.ვაშაკიძე (კ.გაბაშვილი 53), თ.ჯიმშელეიშვილი
მსაჯი: ჟ.პერედა (პორტუგალია)
გაუზიარე