სიახლეები

საქართველოს ნაკრები გუნდი მზადებას განაგრძობს

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (1992 წლიანები) ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს - გუნდის დაკომპლექტების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.



დღეს გორში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 17-წლიანთა ნაკრებების მატჩი გაიმართა, რომელიც სწორედ ზემოხსენებულ მიზანს ემსახურება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გელა შეყილაძემ და მისმა თანაშემწეებმა ლევან ხომერიკმა და ასლან ბალაძემ ამ ასაკში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2.500 ბავშვი შეამოწმეს, რომელთაგან საუკეთესოებმა დღეს გორში ითამაშეს.



სამწვრთნელო შტაბს უკვე გააჩნია ნაკრების გაფართოებული სია, რომლის საფუძველზეც დაკომპლექტდება ის გუნდი, რომელიც შემოდგომით უნგრეთში შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩების დაწყებამდე რამდენიმე უცხოურ შეკრებას გაივლის: 15 და 17 აპრილს ქართველი ჭაბუკები ბულგარეთში მასპინძლებთან ჩაატარებენ ორ ამხანაგურ შეხვედრას, 27 და 28 მაისს რუმინეთს ესტუმრებიან და ასევე ორჯერ ითამაშებენ, 28 და 30 ივლისს აზერბაიჯანელ თანატოლებს გაეჯიბრებიან, 18-25 აგვისტოს ბალტიისპირეთში, პალანგას საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ, ხოლო 15 სექტემბრიდან ლუქსემბურგში გაივლიან შეკრებას, იქვე ითამაშებენ მასპინძელთა ნაკრებთან, 21 სექტემბრიდან კი უნგრეთში გადაინაცვლებენ და ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზურისთვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები უნგრეთის, ჩეხეთის და ბოსნიის ნაკრებები არიან.