სიახლეები

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩი გორში

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის ფეხბურთელთა შერჩევა გრძელდება. გუშინ გორში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებების საწვრთნელი მატჩი გაიმართა, რომელსაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გარდა სფფ-ის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტარ სეგრტიც დაესწრნენ.



დასავლეთის ნაკრებმა, რომელსაც ზუგდიდის ”ბაიას” მთავარი მწვრთნელი ვალერი გულორდავა წვრთნიდა, აღმოსავლეთის ნაკრებს 5:0 სძლია. ქუთაისის ”იმედის” თავდამსხმელმა ხარაბაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ზუგდიდის ”ბაიას” წევრმა ჩანგელიამ კი - დუბლი.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გელა შეყილაძემ და მისმა თანაშემწეებმა ლევან ხომერიკმა და ასლან ბალაძემ ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევა შარშან, 24 ნოემბრიდან დაიწყეს და დღემდე 1992 წელს დაბადებული 1295 ბავშვი გასინჯეს, 1993 წელს დაბადებული კი - 1790. მთლიანობაში, საქმეში ინახა 3085 ფეხბურთელი, რომელთაგან საუკეთესოებმაც გუშინ გორში ითამაშეს. ნიშანდობლივია, რომ ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის დასადგენად მთელი ქვეყნის მასშტაბით 35 საკონტროლო შეხვედრა ჩატარდა.



არანაკლებ საინტერესოა გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა რეგიონული დაყოფა: გორში გამართულ შეხვედრაში სამეგრელოდან 9, კახეთიდან 8, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან 7-7, ხოლო გურიიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან 1-1 ბავშვი მონაწილეობდა.



აღმოსავლეთის და დასავლეთის ნაკრებთა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები ერთიან ნაკრებს შექმნიან, რომელიც 2 აპრილს თბილისის ნაკრებს გაეჯიბრება, რის შემდეგაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ბირთვი დადგინდება.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩების დაწყებამდე რამდენიმე უცხოურ შეკრებას გაივლის: 15 და 17 აპრილს ქართველი ჭაბუკები ბულგარეთში მასპინძლებთან ჩაატარებენ ორ ამხანაგურ შეხვედრას, 27 და 28 მაისს რუმინეთს ესტუმრებიან და ასევე ორჯერ ითამაშებენ, 28 და 30 ივლისს აზერბაიჯანელ თანატოლებს გაეჯიბრებიან, 18-25 აგვისტოს ბალტიისპირეთში, პალანგას საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ, ხოლო 15 სექტემბრიდან ლუქსემბურგში გაივლიან შეკრებას, იქვე ითამაშებენ მასპინძელთა ნაკრებთან, 21 სექტემბრიდან კი უნგრეთში გადაინაცვლებენ და ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზურისთვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები უნგრეთის, ჩეხეთის და ბოსნიის ნაკრებები არიან.



* * *



აღმოსავლეთი 0:5 დასავლეთი

გოლები: 0:1 ჩანგელია (35), 0:2 ხარაბაძე (55), 0:3 ხარაბაძე (64), 0:4 ხარაბაძე (70), 0:5 ჩანგელია (78)

აღმოსავლეთი: ყულარიძე (გორი), სამხარაძე (გორი), ბექაშვილი (კახეთი), რუსიშვილი (გორი), კანკია (რუსთავი), ღარიბაშვილი (გორი), ბარიხაშვილი (კახეთი), ორდენიძე (კახეთი), იობაშვილი (ბორჯომი), ბუზალაძე (გორი), გრძელივანიშვილი (კახეთი)

შეცვლაზე შევიდნენ: პაპუნაშვილი (კახეთი), თარიმანაშვილი (კახეთი), ნიჟარაძე (კახეთი), ლობჟანიძე (გორი), სირბილაძე (გორი)

დასავლეთი: მეშველიანი (ქუთაისი), დიღმელაშვილი (კახეთი), სირაძე (იმერეთი), აფაქიძე (ზუგდიდი), კირკიტაძე (ზესტაფონი), კუხიანიძე (ქუთაისი), ჩელებაძე (ქობულეთი), ვახანია (ფოთი), ჯანაძე (ლანჩხუთი), ხარაბაძე (ქუთაისი), ჩანგელია (ზუგდიდი)

შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია (ზუგდიდი), მირცხულავა (ქუთაისი), კვეკვესკირი (ზუგდიდი), ქვარცხავა (ზუგდიდი), ძალამიძე (ზუგდიდი)