საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა მასპინძელ თანატოლებთან და 3:1 გაიმარჯვა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - მე-10 წუთზე დალაშქრეს გიორგი ნადირაძის კარი, თუმცა გელა შეყილაძის გუნდმა შესვენებამდე გაათანაბრა: 35-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ გაიტანა საპასუხო ბურთი. მეორე ნახევარში მასპინძელთა კარში ორი გოლი გავიდა: 67-ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ დააწინაურა სტუმრები, 75-ე წუთზე კი ნოშრევან ჯიშკარიანმა მესამე გოლი გაიტანა.
გუშინდელ შეხვედრაში სხვადასხვა მიზეზების გამო არ უთამაშიათ ჩვენი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს ჯანო ანანიძეს, ბაქარ მირცხულავას, ირაკლი შეყილაძესა და ნიკა ძალამიძეს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში გამგზავრებამდე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლაგოდეხში ორკვირიანი შეკრება გაიარა.
მეორე ამხანაგურ მატჩს მეტოქეები ხვალ კვლავ სუმგაითში გამართავენ.
* * *
ამხანაგური მატჩი. 28 ივლისი, 2008. აზერბაიჯანი, სუმგაითი. 100
აზერბაიჯანი 1:3 საქართველო
გოლები: გ.კუხიანიძე (35), ლ.ჩაფიძე (67), ნ.ჯიშკარიანი (75)
საქართველო: გ.ნადირაძე, ბ.ამაშუკელი, გ.ჩელებაძე (მ.კობახიძე 60), ლ.ელიზბარაშვილი, ნ.ჯიშკარიანი (თ.სანიკიძე 78), ლ.ჩაფიძე (გ.ილურიძე 78), ნ.კვეკვესკირი, მ.ფუტკარაძე, თ.ჯიმშელეიშვილი (ზ.ჭედია 67), გ.კუხიანიძე (ი.ბუზალაძე 62), კ.გაბაშვილი (ნ.აფაქიძე 78)
მწვრთნელი: გელა შეყილაძე
გაუზიარე