სიახლეები

ევრო 2009: ელიტ-რაუნდი შოტლანდია 0:1 საქართველო

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ პირველივე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმით ირაკლი შეყილაძემ გაიტანა.



შეხვედრა, განსაკუთრებით კი პირველი ნახევარი, გელა შეყილაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა: მე-5 წუთზე, ცოტნე ხარაბაძის პასის შემდეგ, ირაკლი შეყილაძემ მცველი მოატყუა და დაარტყა - ბურთი ძელს მოხვდა; 22-ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და დაახლოებით 12-13 მეტრიდან დაარყა - ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. ბრიტანელებს შესვენებამდე საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.



მეორე ნახევარში შოტლანდიელებს ორჯერ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ჩინებულად ითამაშა მეკარე კახა მეშველიანმა. 81-ე წუთზე, ანგარიშის გახსნის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კარში სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა: მეკარემ ჩინებულად ითამაშა და გუნდი გოლისგან იხსნა.



მსაჯის დამატებულ წუთზე საქართველოს ნაკრებმა კონტრშეტევა განახორციელა: ირაკლი შეყილაძემ ჯანიკო ანანიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც მეტოქის მოტყუება შეძლო. შოტლანდიელთა კარის დარაჯმა ანანიძე მოცელა და პენალტიც დაინიშნა, რომელიც შეყილაძემ გამოიყენა - 0:1.



მალტელმა მსაჯმა კლეიტონ პისანიმ მეორე ნახევარში ქართველ ფეხბურთელებს ხუთჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი: 51-ე წუთზე გიორგი კუხიანიძეს, 61-ე წუთზე პირველად გააფრთხილა ავთანდილ ბრაჭული, 70-ე წუთზე კახა მეშველიანს, 72-ე წუთზე ლევან საბაძეს, 74-ე წუთზე კი კვალვ ბრაჭული გააფრთხილა და გააძევა კიდეც.



მატჩს ავსტრიის ქალაქ ბად ვალტერსდორფის ამავე სახელწოდების სტადიონმა უმასპინძლა. საგულისხმოა, რომ თამაშის წინა დღეს მოთოვა, ფეხბურთელებს კი ქარში თამაში უწევდათ. მომდევნო შეხვედრას გელა შეყლაძის გუნდი ზეგ, 22 მარტს ამავე ქალაქში ჩაატარებს მასპინძელთა წინააღმდეგ.



* * *



ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი. 20 მარტი, 2009. ავსტრია, ბად ვალტერსდორფი, ”ბად ვალტერსდორფი”. 100

შოტლანდია 0:1 საქართველო

გოლი: 0:1 ი.შეყილაძე (80, პენ)

საქართველო: კ.მეშველიანი, ც.ხარაბაძე, ბ.მირცხულავა, ა.ბრაჭული, ლ.ელიზბარაშვილი, გ.კუხიანიძე (მ.კობახიძე 79), ჯ.ანანიძე, ი.შეყილაძე, ლ.ჩაფიძე (ლ.საბაძე 62), ნ.კვეკვესკირი

მწვრთნელი: გელა შეყილაძე

გაფრთხილება: გ.კუხიანიძე, ა.ბრაჭული, კ.მეშველიანი, ლ.საბაძე, ა.ბრაჭული

გაძევება: ა.ბრაჭული (74)

მსაჯები: კ.პისანი (მალტა); ე.სპიტერი (მალტა), პაულ პეტჰო (ავსტრია)