სიახლეები

პალანგის საერთაშორისო ტურნირი ფინალი: აზერბაიჯან

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლიტვის ქალაქ პალანგაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო! გიორგი დევდარიანის გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა აზერბაიჯანის ნაკრები და მთავარ პრიზს დაეუფლა.



ჯგუფურ ტურნირში ქართველმა ყმაწვილებმა პირველი ადგილი დაიკავეს: ლატვიასთან უგოლო ფრეს შემდეგ ბელარუსს 1:0 სძლიეს, აზერბაიჯანელებმა კი ჯერ უკრაინელები გაანადგურეს - 4:1, შემდეგ კი მასპინძლებს 3:1 მოუგეს.



ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა: სხირტლაძის შესანიშნავი პასით დავით ხოჭოლავა მეკარესთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:0. მე-20 წუთზე მანვე გააორმაგა ჩვენი გუნდის უპირატესობა: ჯერ იყო და მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოს მიახლოვებულმა კი ძლიერად დაარტყა - 2:0. მეორე ტაიმის მე-10 წუთზე აზერბაიჯანელთა კარის ბადე მესამედ შეირხა: ხოჭოლავამ, რომელმაც ბელარუსთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, კვლავ საჯარიმოს გარედან, ამჯერად მახვილი კუთხიდან შეძლო ეფექტური გოლის შეგდება - 3:0!



ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე დავით ლეგაშვილი, რომელსაც გოლი არ გაუშვია, საუკეთესო კარის დარაჯის პრიზით დააჯილდოვა, ვაკო ყაზაიშვილს კი საუკეთესო ნახევარმცველისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა. რაც შეეხება დათა ხოჭოლავას, ის საუკეთესო თავდამსხმელის და მაყურებელთა სიმპათიის პრიზებით დაჯილდოვდა.



”ჩვენი გამარჯვება მუხლჩაუხრელი და სწორი მუშაობის შედეგია - ძალიან მიხარია, რომ ნაკრებთან ერთად პირველი ჯილდო მოვიპოვე. დარწმუნებული ვარ, მუდმივი სათამაშო პრაქტიკის შემთხვევაში ეს გუნდი კიდევ არაერთ სასახელო გამარჯვებას მოიპოვებს!” - განაცხადა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა გიორგი დევდარიანმა.



22 აგვისტო, 2009. საერთაშორისო ტუნირი. ლიტვა, პალანგა, ”კრეტინგოსი”. 300

აზერბაიჯანი 0:3 საქართველო

გოლები: 0:1 დ.ხოჭოლავა (10), 0:2 დ.ხოჭოლავა (20), 0:3 დ.ხოჭოლავა (50)

საქართველო: დ.ლეგაშვილი (ტყეშელაშვილი 65), რ.მაჭავარიანი (ც.ხარაბაძე 65), გ.გაგნიძე, ო.დოლიძე, ა.ტვილდიანი, ლ.არველაძე (კ.ზარნაძე 45), გ.ხუბუა (გაჩეჩილაძე 70), ვ.ყაზაიშვილი (ლ.პარუნაშვილი 70), ლ.კოშაძე (მოგელაძე 70), დ.ხოჭოლავა, დ.სხირტლაძე (ს.ქავთარაძე 70)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი