სიახლეები

საქართველოს ნაკრები გიორგი დევდარიანის პრესკონფე

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლიტვის ქალაქ პალანგაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო! დღეს სფფ-ის საკონფერენციო დარბაზში გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის პრესკონფერენცია შედგა. ჟურნალისტებს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე და გენერალური მდივანი რევაზ არველაძეც შეხვდნენ.



გიორგი დევდარიანი, 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი:

...ჩემთვის, ისევე როგორც ყველა გულშემატკივრისთვის ეს გამარჯვება ძალიან სასიხარულოა და მსურს თქვენთან ერთად გავიზიარო ეს წარმატება. აქვე მინდა პრესას და ქომაგებს მადლობა გადავუხადო იმ თბილი დამოკიდებულებისთვის, რასაც ტურნირის მსვლელობისას ჩვენს მიმართ იჩენდით.

...პალანგაში მოპოვებული წარმატება ნაყოფიერი შრომის შედეგია: ჩვენ თითქმის წელიწადის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით ამ გამარჯვებისკენ: სფფ-ის მუხლჩაუხრელი შრომით, შარშან და წელს რამდენიმე გრძელვადიანი და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები გავმართეთ, გამოცდილება შევიძინეთ და ეს ყველაფერი დაფასდა, რაც ცხადია, ძალიან მახარებს.

...პალანგის ტურნირზე ორიოდ სიტყვით ის შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ეს ძალიან კარგი გამოცდა იყო. რაც ყველაზე ძალიან მსიამოვნებს არის ის, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველა მონაწილის და საორგანიზაციო კომიტეტის დიდი მოწონება დაიმსახურა! ასე განსაჯეთ, ლიტველი გულშემატკივრების უმეტესობა ფინალში სწორედ ჩვენ გვიჭერდა მხარს, ტურნირზე მყოფი სპეციალისტები კი დაუფარავად აცხადებდნენ, რომ ქართველი ყმაწვილები ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ.

...ჯგუფში პირველად ლატვიის ნაკრებს დავუპირისპირდით. მე-12 წუთზე მსაჯმა ათი ფეხბურთელით დაგვტოვა - დათა ხოჭოლავა გაუმართლებლად გააძევა. სხვათა შორის, ის არბიტრი ამის გამო მკაცრად დაისაჯა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონდა, მეტი საგოლე მომენტი ჩვენ შევქმენით, თუმცა მაინც ვერ მოვიგეთ. მომდევნო შეხვედრაში ბელარუსს 1:0 ვძლიეთ - ანგარიში სანახევროდაც არ ასახავს იმ უპირატესობას, რასაც საქართველოს ნაკრები ფლობდა. ფინალში აზერბაიჯანის ნაკრებს პირწმინდად ვაჯობეთ. იმის თქმაც შეიძლება, რომ ხოჭოლავა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, მეტოქისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა - აზერბაიჯანელთა მწვრთნელები ჩვენ თამაშებს ესწრებოდნენ, თუმცა ხოჭოლავას, გასაგები მიზეზების გამო, თვალი ვერ ადევნეს და შესაბამისად, მისი შესაძლებლობები ვერ გაითვალისწინეს.

...მსურს ჩემი გუნდის ყველა მოთამაშეს მადლობა გადავუხადო და შევახსენო, რომ წარმატება თავი არ აუვარდეთ. დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ თუ დიდი ფეხბურთის და გაცილებით მნიშვნელოვანი ტურნირების მოგება სურთ, კიდევ ძალიან დიდხანს მონდომებით უნდა ივარჯიშონ.

...ოქტომბერში შოტლანდიაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ვითამაშებთ: მასპინძელთა გარდა პორტუგალიის და კვიპროსის ნაკრებებს შევხვდებით. ელიტ-რაუნდში ორი გუნდი გადის და ვიმედოვნებ, შემდეგი ეტაპის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ. ოფიციალური მატჩებისთვის მზადებას რამდენიმე დღეში დავიწყებთ, 14 სექტემბრიდან კი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, ”ბასაში” შევიკრიბებით.



გოგი ქავთარაძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:

...მსურს ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მივულოცო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ეს გამარჯვება! ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე ლიტვაში, საკმაოდ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული წარმატება დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ქართულ ფეხბურთს ნიჭიერი თაობა ეზრდება და ალბათ, არც იმის თქმა იქნება გადაჭარბებული, რომ გიორგი დევდარიანის სახით, საქმე გვაქვს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მწვრთნელთან.



რევაზ არველაძე, სფფ-ის გენერალური მდივანი:

...პალანგაში მოპოვებული გამარჯვება უდავოდ ძალიან სასიხარულო ფაქტია და მსურს ეს წარმატება ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს მივულოცო! ამ გუნდს უფრო მნიშვნელოვანი გამოცდები წინ ელის და დარწმუნებული ვარ, არც ოფიციალურ მატჩებში შეირცხვენს თავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ნაყოფიერ შეკრებას გაივლის და ზოგადად, ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელთა საბჭო დაგეგმავს.