სიახლეები

საქართველოს XX ჩემპიონატი გაზეთი ”ლელო”: სეზონის

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

2008-09 წლების სეზონი რამდენიმე დღის წინ დასრულდა: საქართველოს ჩემპიონის ტიტული თბილისის ”ვიტ ჯორჯიამ” მოიპოვა, ქვეყნის თასს კი თბილისის ”დინამო” დაეუფლა.



გაზეთმა ”ლელომ” სეზონის შედეგები შეაჯამა და გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა, ამავდროულად, სეზონის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა.



”ლელოს” ვერსიით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ნახევარმცველი ლუკა რაზმაძეა, რომელმაც შარშან ქვეყნის პირველ გუნდში დამკვიდრებაც მოახერხა. მეორე ადგილზე მისი თანაკლუბელი ალექსანდრე კვახაძე გავიდა, მესამეზე კი პირველობის ბომბარდირი ნიკა გელაშვილი.



საუკეთესო მწვრთნელის სახელი, ისევე როგორც გაზეთ ”სარბიელის” ვერსიით, ჩემპიონთა თავკაც ნესტორ მუმლაძეს ხვდა წილად. მეორე ადგილზე რუსთავის ”ოლიმპის” ხელმძღვანელი ვარლამ კილასონია დასახელდა, მესამეზე კი თბილისის ”დინამოს” მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა.



საუკეთესო ლეგიონერად რუსთავის ”ოლიმპის” მცველი ერნესტ აკუასაგა დასახელდა. ”ლელომ” ლეგიონერთა სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა: მეკარე: ოვონო (გაბონი); მცველები: ბოიომო (კამერუნი), კრშკო (სლოვაკეთი), კოზლენკო (უკრაინა), აკუასაგა (გაბონი); ნახევარმცველები: ტომიჩი (მონტენეგრო), ჩასემი (კამერუნი), სპასოევიჩი (მონტენეგრო), ოვონიკოკი (ნიგერია); თავდამსხმელები: ჯუისი (კამერუნი), აკირემი (გაბონი).



საუკეთესო დებიუტანტის ტიტული თბილისის ”დინამოს” ნახევარმცველმა ვაჟა ნემსაძემ მოიპოვა. ბორჯომელი ილია პავლიაშვილი მეორე იყო, თბილისის ”ლოკომოტივის” ფეხბურთელი შალვა კვანტალიანი კი მესამე.



სეზონის აღმოჩენის ტიტული ”გაგრას” ფეხბურთელ გიორგი გაბედავას ხვდა წილად. თეიმურაზ ღონღაძე რუსთავის ”ოლიმპიდან” მეორე იყო, ჩემპიონთა ფეხბურთელი ვახტანგ კვარაცხელია კი მესამე ადგილზე დასახელდა.



საუკეთესო შემცვლელი თბილისის ”დინამოს” მონტენეგროელი შემტევი ნახევარმცველი ილია სპასოევიჩი გახდა, საუკეთესო მსაჯის ტიტული კი გიორგი ვადაჭკორიას ხვდა წილად, რომელმაც ლაშა სილაგავას და ლევან კვარაცხელიას აჯობა.



”ლელოს” ვერსიით 2008-09 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: გიორგი ლომაია (თბილისის ”ლოკომოტივი”)

მცველები: გიორგი სეთურიძე (რუსთავის ”ოლიმპი”), ალექსანდრე კვახაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), დავით ლომაია (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ლევან ხმალაძე (თბილისის ”დინამო”)

ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი (თბილისის ”ლოკომოტივი”), ლუკა რაზმაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), გია ნერგაძე (თბილისის ”დინამო”), ირაკლი კლიმიაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)

თავდამსხმელები: გია მეგრელაძე (რუსთავის ”ოლიმპი”), ნიკა გელაშვილი (”ზესტაფონი”)