სიახლეები

ახალგაზრდები ბრძოლისთვის ემზადებიან

გაუზიარე

დღეს, ქალაქ საქარიაში, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

 

საქართვერლოს ახალგაზრდული ნაკრები 2 სექტემბერს ჩამოვიდა თურქეთში. გუნდმა ორჯერ – 2 სექტემბერს ს.კ.“ საქარია სპორტის“ ბაზაზე და 3 სექტემბერს საქარიას ათათურქის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშა.

 

მატჩის წინა ვარჯიში ჩვეულებისამებრ 18:00 საათზე დაიწყო. ოთარ გაბელიას განკარგულებაში მყოფმა ყველა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით 1 საათი ივარჯიშა. საქარიას ცენტრალური სტადიონის მინდვრის საფარი საკმაოდ დაზიანებულია, ტრიბუნები კი ნახევრად დამტვრეული, თუმცა ეს ობიექტური მიზეზები იმედს გამოვთქვამთ თამაშის ხარისხზე არ აისახება. საღამოს ვარჯიშის შემდეგ ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ეროვნული ნაკრები გუნდის მატჩს უგულშემატკივრა.

 

დღევანდელი დილაც, ისევე როგორც შეკრების ყველა დღე აწონვებით დაიწყო. ბიჭები მობილიზებულნი და მოტივირებულნი არიან. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელია აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ნაკრების ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალური უნდა გაიღოს.

 

 

სპეციალურად სფფ–ს ოფიციალური ვებ–გვერდისათვის

 

თათა ბურდული

საქარია, თურქეთი