საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი, 2027-2031 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების ფარგლებში, 12-13 ოქტომბერს, თბილისში ორდღიანი ვორქშოფი გაიმართა, რომელიც ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის საკითხებს დაეთმო.
ვორქშოფის პირველი დღე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მოიცავდა. სემინარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გახსნა, რომელმაც მონაწილეებს წარმატებები უსურვა. შეხვედრას უეფას ციფრული მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი მარიო ლეო უძღვებოდა.
ვორქშოფის მეორე დღე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას დაეთმო.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ვორქშოფის დასრულებისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, მარიო ლეოს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო ნაკრების მაისური გადასცა.