სიახლეები

თბილისში მწვრთნელთა პროფესიული განვითარების კონფერენცია გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

31 ივლისს, სასტუმრო „ტელეგრაფში“, მწვრთნელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას UEFA Pro ლიცენზიის კურსდამთავრებულები და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზამთარაძე და ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი ესწრებოდნენ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უეფას მწვრთნელთა განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრის ვან დერ ჰეგენმა და უეფას ტექნიკურმა ინსტრუქტორმა გენადი სკურტულმა.

კონფერენციის მთავარი მიზანი UEFA Pro ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციების, უახლესი პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზიარება იყო. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს უეფას საკლუბო შეჯიბრებების თანამედროვე ტენდენციებზე, ტალანტების განვითარების პროცესსა და ახალგაზრდა ფეხბურთელების პროფესიონალურ ფეხბურთში გადასვლის საკითხებზე.

პრეზენტაციებთან ერთად გაიმართა ჯგუფური სამუშაოები და დისკუსიები, სადაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება საფეხბურთო მწვრთნელმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ გაუზიარა.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა UEFA Pro ლიცენზიის კურსის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია. წარმატებულ მონაწილეებს უეფას მიერ აღიარებული დიპლომები და ლიცენზიები გადაეცათ. PRO ლიცენზიის კურსში მონაწილეობდნენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისა და აკადემიების მწვრთნელები. კურსი 8 მოდულისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. PRO ლიცენზიის კურსი საქართველოში უკვე მეოთხედ ჩატარდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა აქვს.