15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ბათუმის ქვიშის არენაზე, ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის მატჩები გაიმართება.
საქართველოს ნაკრებთან ერთად, A დივიზიონში გადასასვლელად ლატვია, რუმინეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ინგლისი, ნორვეგია და სლოვაკეთი იბრძოლებენ. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუმინეთი, მალტა და ნორვეგია იქნებიან.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა, სადაც A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფის მეორეადგილოსანს. ფინალში გასული ორივე გუნდი 2027 წლის სეზონისთვის A დივიზიონში დაწინაურდება.
ტურნირის 15 ივლისს, 17:00-ზე, სლოვაკეთისა და ლატვიის ნაკრებთა მატჩი გახსნის. ხოლო ოფიციალური გახნის ცერემონია მოგვიანებით - 19:45-ზე, საქართველოსა და ნორვეგიის მატჩის წინ დაიწყება, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე; აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი; ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე და მსოფლიო ქვიშის ფეხბურთის ღონისძიებების დირექტორი - ჯოზეფ პონსეტი მიმართავენ.
გახსნის ღონისძიებაში მუსიკალური ნომრით მონაწილეობას მიიღებს პროექტ "რანინას" გამარჯვბეული და 2026 წლის ჯუნიორ ევროვიზიის მესამეადგილოსანი - ანიტა აბგარიანი.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ტურნირზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 12 ივლისის ჩათვლით [email protected]-ზე.
ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება.
