სტამბოლში, 20 მაისს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე მამაკაცთა სანაკრებო ტურნირების ახალი ფორმატი განიხილეს.
ახალი ფორმატი
უეფას ერთა ლიგა 2028/29 სეზონიდან, ოთხი ლიგის ნაცვლად სამ ლიგიან სისტემაზე გადავა. თითოეულ ლიგაში 18 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც სამ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ექვს მატჩს ჩაატარებენ სხვადასხვა კალათის გუნდებთან შინ ან სტუმრად, ხოლო საკუთარი კალათის ერთ მეტოქესთან ორ შეხვედრას გამართავენ. უცვლელი რჩება მეოთხედფინალები, ფინალური ოთხეული და დაწინაურება/დაქვეითების პლეი-ოფები.
ცვლილებები შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო სისტემასაც, რომელიც ორ დონედ დაიყოფა. პირველ ლიგაში ერთა ლიგის A და B დივიზიონების 36 ნაკრები მოხვდება, ხოლო მეორე ლიგაში დანარჩენი 18 ან 19 გუნდი გაერთიანდება. პირველ ლიგაში სამი 12-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, სადაც თითოეული გუნდი ექვს განსხვავებულ მეტოქესთან ითამაშებს - ორი მეტოქე თითოეული კალათიდან, შინ ან სტუმრად. მეორე ლიგა ერთა ლიგის C დივიზიონის მსგავსად სამ ჯგუფად (ან ერთ შვიდგუნდიან ჯგუფად) ჩატარდება.
პირველი ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ, ხოლო დარჩენილი საგზურები პლეი-ოფებით განაწილდება. ახალი სისტემა მეორე ლიგის გუნდებსაც უნარჩუნებს ფინალურ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობას. მასპინძელი ქვეყნები, მიუხედავად ავტომატური კვალიფიკაციისა, საკვალიფიკაციო ეტაპში მაინც ჩაერთვებიან, რაც მათ მომავალ ერთა ლიგის პოზიციაზე იმოქმედებს.
უეფას განცხადებით და ხედვით, ახალი ფორმატის მიზანია კონკურენტული მატჩების რაოდენობის გაზრდა და დაბალი ინტერესის მქონე თამაშების შემცირება, რაც სანაკრებო ფეხბურთის საშეჯიბრო სივრცეს მაყურებლისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. მამაკაცთა სანაკრებო ტურნირების ახალი ფორმატის სქემა იხილეთ ბმულზე.
ასევე 20 მაისს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სტამბოლში უეფა-ს წევრი ქვეყნების გენერალურ მდივანთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სფფ-ის გენერალური მდივანი - დავით მუჯირი მონაწილეობდა.
კონცეფცია მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ დაიხვეწება, რის შემდეგაც დეტალური ფორმატის საბოლოო დამტკიცებისთვის წარედგინება აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ახალი ფორმატის სრული ანალიზი კი აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მედია-კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი.