საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროცესს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს კატეგორიზაციის პროცესში ჩართული კლუბებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კატეგორიზაციის პროცესზე, კრიტერიუმებზე და ვადებზე.
სფფ-ის სკოლების კატეგორიზაციის მიზანია საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა ყველა დონეზე, სფფ-ის ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელება და საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეფასება და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება.
კატეგორიზაციის ფარგლებში საფეხბურთო სკოლების ოთხ ძირითად კატეგორიად დაიყოფა:
- IV კატეგორია (ყველაზე დაბალი): „ფეხბურთის წრე“
- III კატეგორია: „კანდიდატი ფეხბურთის სკოლა“
- II კატეგორია: „ფეხბურთის სკოლა“
- I კატეგორია (უმაღლესი): „ფეხბურთის აკადემია“
საფეხბურთო სკოლებს სფფ-ის საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის ჯგუფი, ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული, სპორტული, სამწვრთნელო მიმართულებით შეაფასებს და მათ მონიტორინგს განახორციელებს.