საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი - კახაბერ ჭუმბურიძე, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან - ბერდია ჯიბლაძესთან ერთად, საქართველოს მოყვარულთა ლიგის თბილისის რეგიონალურ ლიგაში მონაწილე კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ახალი სეზონის წინ, შეხვედრაზე საუბარი მოყვარულთა ლიგის ირგვლივ არსებულ აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს შეეხო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სრული მხარდაჭერა გამოთქვა სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებაში ჩართული თითოეული ადამიანის მიმართა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი საფეხბურთო პირამიდის პირველი საფეხურის განვითარება, ფეხბურთის ეკო-სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს მოყვარულთა ლიგა, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით 2016 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ პროექტში ჩართული ადამიანების რაოდენობა - 20,000 რეგისტრირებულ მოთამაშემდე გაიზარდა, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი სამოყვარულო კლუბი აერთიანებთ.