2026 წლის ეროვნული ლიცენზირების დასრულების შემდეგ, ქართული კლუბები უეფას 2026/2027 წლების სეზონის ლიცენზირებისთვის მზადებას იწყებენ.
24 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაცია შეხვდა კლუბებს, რომლებიც უეფას ლიცენზიის მაძიებლებად მოიაზრებიან. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ 2025 წლის ეროვნული ლიგის ათი და ქალთა ლიგა 1-ის ზედა ოთხეულის კლუბები.
დამსწრეებმა შეაჯამეს განვლილი სალიცენზიო ციკლი და გამოწვევები, რომლებიც იდგა კლუბების წინაშე ლიცენზირების პროცესში. ასევე გაეცნენ სიახლეებს, რაც მიმდინარე სალიცენზიო ციკლში ინერგება. კლუბებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები, უეფას ლიცენზიის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასევე, იმსჯელეს ლიცენზირების პრობლემურ საკითხებზე და განვითარების პერსპექტივებზე.
იანვრიდან კლუბები დაიწყებენ სალიცენზიო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რაც შეფასდება ლიცენზირების ექსპერტების მიერ, რომლებიც კლუბებს გაუწევენ კონსულტაციებს და მიაწვდიან სათანადო რჩევებს ხარვეზების გამოსასწორებლად. ლიცენზირების პროცესი გვიან გაზაფხულზე დასრულდება, როდესაც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, კლუბებისთვის უეფას ლიცენზიების მინიჭების შესახებ.
სფფ-ის მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაცემული კაცთა და ქალთა უეფას საკლუბო ლიცენზია უფლებას აძლევს სათანადო სპორტული შედეგის მქონე კლუბებს, იასპარეზონ უეფას 2026/2027წწ. საკლუბო შეჯიბრებებში.