საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული მიმდინარეობს. 15-დან 18 დეკემბრის ჩათვლით, მოდულს სასტუმრო რადისონი მასპინძლობს.
მეექვსე მოდულის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა ზამთარაძემ და უეფას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსზე მონაწილეობენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების მწვრთნელები. კურსზე, რომელიც 8 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, 21 მონაწილე ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლიათ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.